სამართალი
ცესკო „ქართული ოცნების“ ლიდერის გამონათქვამმა „გაანაწყენა“

1-ewyina-samarTaaa3თბილისი, 3 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ბიძინა ივანიშვილის მიერ „მე-9 არხის“ ეთერში გამოთქმულ შეფასების  საპასუხოდ ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს:

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც მან 31 აგვისტოს ტელეკომპანია „მე-9 არხის“ გადაცემა „მთავარ კითხვაში“ გააკეთა. კერძოდ, „...ცესკოს შენობა დაიხურება ერთი საათით ან ორი საათით, ან შეაჩერებენ როგორც წინა არჩევნებზე შეაჩერეს, გადაწერენ უწყისებს, გამოყრიან ჩვენი კომისიის წევრებს და ასე შემდეგ და გამოიტანენ და დადებენ შედეგებს...“

პოლიტიკური ლიდერების მხრიდან არარსებულ ფაქტების აპელირება და მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იწვევს საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობას და აუარესებს საარჩევნო გარემოს.

სატელევიზიო ეთერში გაჟღერებული ზემოაღნიშნული განცხადება საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის არცოდნასთან.  მომავალში მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ვთავაზობთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ორშაბათს, 3 სექტემბერს, მობრძანდეს ცესკოში და უშუალოდ გაეცნოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას“.