სამართალი
სახაუდიტის სამსახურის განცხადება „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით

1-audit-samartaaa2თბილისი, 3 სექტემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური პრევენციული შინაარსის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს, რის შედეგადაც უკვე გამოვლინდა და რეაგირება მოხდა კანონდარღვევის არაერთ ფაქტზე. კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახური განუხრელად იცავს პრევენციული ღონისძიებების უპირატესობას მონიტორინგის პროცესში.

კანონის შესაბამისად, ყველა პოლიტიკური პარტია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 5 დღის ვადაში აწვდის ინფორმაციას მიღებული შემოწირულობების თაობაზე. პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების ფინანსურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელმა პირებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაადეკლარირეს პარტიების ანგარიშზე არაფულადი შემოწირულებების განხორციელების ფაქტი, რაც კანონით დაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს, თუმცა მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ აღნიშნული შემოწირულებების დეკლარირება მოხდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევით, რადგან განხორციელდა ფულადი ფორმით, თუმცა დადეკლარირდა როგორც არაფულადი შემოწირულობა.

მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ ფიზიკური პირები სხვადასხვა მომსახურების შესყიდვისა და პარტიის ვალდებულებების შესრულებისათვის ფულად თანხებს პირადი სახსრებიდან იხდიან, თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც ელექტრონულ პროგრამაში, ისე ოფიციალურ დოკუმენტაციაში ამას ადეკლარირებენ როგორც არაფულად შემოწირულებას.

კანონით დადგენილი წესების დარღვევით კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შემოწირულობები განახორციელეს ფიზიკურმა პირებმა ნოდარ ხადურმა, თამარ გიორგაძემ, რომან ცხონდიამ, თინა ხიდაშელმა და ბესო ჯოჯუამ.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შემოწირულობად ითვლება პარტიის ანგარიშზე საქართველოს მოქალაქის მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე, პარტიის მიერ უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტი) და მომსახურება (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი).

ამდენად, სახეზეა პარტიის სახელით ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული ანგარიშსწორება, რაც არ შეესაბამება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით შემოწირულობისათვის დადგენილ ცნებას, რადგან კანონის მიხედვით შემოწირულობა შეიძლება იყოს ან ფულადი სახის, რაც მხოლოდ შემომწირველის კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან პარტიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით უნდა განხორციელდეს, ან არაფულადი, რაც შეიძლება იყოს ფიზიკური პირის მიერ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით პოლიტიკური სუბიექტისათვის გადაცემული ყველა სახის აქტივი, გარდა ფულადი სახსრებისა, რაც, ბუნებრივია, წლის განმავლობაში ერთი ფიზიკური პირისთვის არ უნდა აღემატებოდეს კანონით დადგენილ ლიმიტს.

შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პირთა მიერ პოლიტიკური სუბიექტის ნაცვლად სხვადასხვა მომსახურების შესყიდვისა და ვალდებულების დასაფარავად პირადი სახსრების გამოყენება კანონდარღვევას წარმოადგენს და, ამავე დროს, სრულ წინააღმდეგობაშია საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან. კერძოდ:

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს შესაბამისი ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება. ამდენად, საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გარდა, სხვა რომელიმე ანგარიშის გამოყენება დაუშვებელია. არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე საარჩევნო სუბიექტის მიერ გაწეული ყველა ხარჯი უნდა ანაზღაურდეს საარჩევნო კამპანიის ფონდიდან. კონკრეტულ შემთხვევაში კი სახეზეა სიტუაცია, როდესაც პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ფონდი არსებობს, თუმცა საარჩევნო კამპანიისათვის საჭირო ხარჯების გაღება ხდება ფიზიკური პირების ანგარიშებიდან. აღნიშნული თანხები არ ხვდება ფონდის ანგარიშზე და, ფაქტობრივად, ორგანული კანონის მოთხოვნების გვერდის ავლის შენიღბვის მიზნით, დეკლარირდება როგორც არაფულადი შემოწირულობა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური დაფინანსებისა და ხარჯების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით გენერალური აუდიტორის №126/37 ბრძანებით განისაზღვრა წესი, რომლის მიხედვითაც, შეიზღუდა ნაღდი ფულით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა და პარტიისთვის სავალდებულო გახდა საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გადასახდელების განახორციელება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა გამოიწვევს შემოწირულობის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, ხოლო სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხა ყველა ის პირი, ვინც შემოწირულობების კანონის მოთხოვნათა დარღვევით განახორციელა. ახსნა-განმარტების მიცემისას აღნიშნულმა პირებმა მათ მიერ კანონშეუსაბამო ქმედების ჩადენის ფაქტი პოლიტიკური სუბიექტების ანგარიშებზე ინკასოს არსებობით ახსნეს და განმარტეს, რომ პოლიტიკური სუბიექტის ფინანსური ვალდებულებების პირადი სახსრებიდან დაფარვა სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა.

იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუფარავი ვალდებულებების გამო კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს ინკასოს წესით მიღებული შემოსავლების მხოლოდ 16,45% ჩამოეჭრათ და სრული შესაძლებლობა ჰქონდათ, ფინანსური ტრანზაქციები კანონის შესაბამისად განეხორციელებინათ, მაინც დაარღვიეს პოლიტიკური დაფინანსების შესახებ დადგენილი წესები. თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახური ორიენტირებულია დარღვევების პრევენციაზე და არა სანქციების გამოყენებაზე. სწორედ ამ კონტექსტში ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით საქართველოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ინკასოს გამოყენება გადაავადა. შესაბამისად, აღარ არსებობს რაიმე საფუძველი კანონშეუსაბამო ქმედების მიზეზების დასასაბუთებლად.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ითვალისწინებს პრევენციული შინაარსის ღონისძიებების მნიშვნელობას მონიტორინგის პროცესში. შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საქმიანობა წარმართონ კეთილსინდისიერების ადა ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით და პოლიტიკური დაფინანსების კანონიერების უზრუნველყოფის მიზნით იმოქმედონ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად“.