საზოგადოება
სამხედრო სამსახურისთვის სახელმწიფო სტუდენტს სწავლის საფასურს დაუფინანსებს

1-jari-sazogadoeba2თბილისი, 3 სექტემერი, საქინფორმი. 12-თვიანი სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სახელმწიფო სტუდენტს 4 წლის სწავლის საფასურს დაუფინანსებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში პატრიოტთა ბანაკში მყოფ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ვთქვათ, სტუდენტმა გადალახა მინიმალური ზღვარი, მაგრამ გრანტი ვერ მიიღო. თავდაცვის სამინისტრო სთავაზობს ყველას 12 თვე ჯარში სამსახურს და შემდეგ 4 წელი გადასახადის გადახდას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ზუსტად ასეთივე სისტემა მოქმედებს აშშ-ში. „ერთი წელი მსახურობს და შემდგომ ოთხი წელი სახელმწიფო უხდის სწავლის გადასახადს. მოგეცემათ შანსი, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი შესაძლებლობების არის თქვენი ოჯახი, მაინც ისწავლოთ უმაღლეს სასწავლებელში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, სამხედრო სამსახურის 2 წლით გავლის შემთხვევაში სახელმწიფო სტუდენტს მაგისტრატურის საფასურსაც დაუფინანსებს.

„ყველას უნდა მივცეთ შანსი, ისწავლოს და რაღაცას მიაღწიოს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, ვინც წელს ვერ ჩააბარა, გამოცდები იქნება ყოველთვიურად და თვეში ერთხელ საგამოცდო ცენტრებში შეუძლია მივიდეს აბიტურიენტი და საგნები ჩააბაროს.

„ამიტომ ეს არის სტიმული, რომ დაიხვეწოთ. ვთქვათ, ვერ ჩააბარე და ვერ მოიპოივე გრანტი, შეგეძლებათ ყოველი სასწავლო წლის ბოლოს სახელმწიფო სასწავლებლებში გადაბარება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.