პოლიტიკა
თბილისი, 3 სექტემერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებიდან რამდენიმე დღეში - 11 ოქტომბერს, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს, საქართველოში ყოფნის ვადა ეწურება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, რომელიც ეჭვობს, რომ ამ გარემოებას ხელისუფლება გამოიყენებს და ბიძინა ივანიშვილს ქვეყნიდან გააძევებს.მისი თქმით, ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, ივანიშვილს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ვადა არ გაუხანგრძლივოს და ამას სამართლებრივი გამყარების მიზნით ლოპოტას სპეცოპერაციას და მსგავს ინციდენტებს დაუდებს საფუძვლად.
„სრულიად მოსალოდნელია, სულ მალე ამ სპეცოპერაციის შესახებ ტელეეთერით ხელისუფლების მიერ შეთხზული ახალი ფილმები ვიხილოთ. „ენვერსა“ და სხვა მსგავს სპეცოპერაციებზე მსგავსი ფილმები ჩვენ უკვე არაერთხელ ვნახეთ. არსებობს სრულიად საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია ბიძინა ივანიშვილთან დააკავშირონ, რასაც შემდგომ მისთვის საქართველოში ყოფნის ვადის გახანგრძლივებაზე უარის სათქმელად გამოიყენებენ. მსგავსი რამ მათ სჩვევიათ და არაერთხელ გაუკეთებიათ. სწორედ ამ ფილმებს დაუდებენ საერთაშორისო საზოგადოებას და შემდეგ თავის მართლებას დაიწყებენ, თუ რატომ არ მისცეს „ქართული ოცნების“ ლიდერს საქართველოში დარჩენის შესაძლებლობა“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და დასძინა, რომ ის ლაფანყურის მსგავს სპეცოპერაციებსა და პროვოკაციებს ხელისუფლებისგან მომავალშიც ელის.