სამართალი
კაციტაძე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიისაგან „დისტანცირდება“

1-kacitaZe-samarTaaaa3თბილისი, 31 აგვისტო, საქინფორმი. პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წევრი, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, მამუკა კაციტაძე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიისგან სამართლებრივ დისტანცირებას აპირებს.

როგორც კაციტაძემ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მისი წარდგენისას განაცხადა, იგი აქტიურ პარტიულ საქმიანობას უბრუნდება, რომელიც არც შეუწყვეტია.

„თუმცა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელობის დროს ამ აქტივობებს ერთგვარად ჩამოვშორდი. სამართლებრივი თვალსაზრისით, დეპუტატობის კანდიდატისა და ამ კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობის შეუთავსებლობა არ არსებობს, მაგრამ მე განვაცხადე, რომ მას შემდეგ, რაც კონკრეტული უბნის ოფიციალური კანდიდატი გავხდები, კომისიის ყოველდღიური საქმიანობისგან დისტანცირებას მოვახდენ. მითუმეტეს, რომ სიების დაზუსტებასთან დაკავშირებით კომისიაში განცხადებების შემოტანა სრულდება და უახლოეს დღეებში ამომრჩეველთა სია საბოლოო სახეს მიიღებს“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ და დასძინა, რომ სწორედ განცხადებების შეტანის ვადის ამოწურვის შემდეგ კომისიის საქმიანობისგან სამართლებრივადაც დისტანცირებას მოახდენს.

მამუკა კაციტაძემ იქვე განმარტა, რომ ეს მისი მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნასა და საბოლოო დისტანცირებას არ ნიშნავს.

როგორც მამუკა კაციტაძემ ჟურნასლისტებს განუცხადა, სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიისაგან სამართლებრივ დისტანცირებას მას შემდეგ აპირებს, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოფიციალურ საბუთს მიიღებს. აღნიშნული საბუთის გაცემის ვადა, კანონის თანახმად, არჩევნებამდე 20 დღით ადრე იწურება.

რაც შეეხება სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიას, მას უფლებამოსილების ვადა 2013 წლის 1 იანვარს შეუწყდება.