სამართალი
The New York Times ლოპოტას ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებ

1-times-samarTali2თბილისი, 31 აგვისტო, საქინფორმი. საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში, მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებ The New York Times ვრცელ სტატიას აქვეყნებს „საქართველომ რუსეთის საზღვართან მძევლები გაათავისუფლა“. სტატიაში, კერძოდ, ნათქვამია:

„ოთხშაბათს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ძალოვანი სტრუქტურები ჩართულები არიან ბრძოლაში კარგად შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელმაც გადმოკვეთა რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთი და შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე. ოპერაციის მიზანია 5 მძევლის გათავისუფლება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 3 ქართველი ოფიცერი და 10-მდე ბანდფორმირების წევრი მოკლულია.

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სადავო ტერიტორიაზე 2008 წელს მომხდარი ხანმოკლე ომის შემდეგ დაძაბული რჩება და შემოჭრა უკვე გართულებული მდგომარეობის გაუარესების საფრთხეს ქმნიდა.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხშაბათს ღამით განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელი იყო „თავისი არეულობის საქართველოში ექსპორტზე“. ყვარლის რეზიდენციიდან საუბრისას კავკასიის მთების ფონზე სააკაშვილმა განაცხადა: „არეულობა და არასტაბილურობა ამ მთების მიღმა იქვე დარჩება. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.

რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა მუსლიმ სეპარატისტებს დაღესტანში, ისევე, როგორც ჩეჩნეთში და ნებისმიერ ადგილას ჩრდილო კავკასიაში. ძალადობა ხშირად იჩენს ხოლმე თავს ამ რეგიონში. სამშაბათს, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა ორი სეპარატისტული თავდასხმისას დაღესტანში, მათ შორის, მათთვის პატივსაცემი მუსლიმი, რელიგიური ლიდერი საიდ აფანდი ატსაიევი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძემ თქვა, რომ, დაახლოებით, 20-კაციანმა შეიარაღებულმა ჯგუფმა 5 ქართველი მძევლად სოფელ ლაფანყურთან ახლოს აიყვანა, საქართველო-რუსეთის საზღვრიდან, დაახლოებით, 13 მილის მოშორებით.

„ჩვენ არ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, ვინ არიან ეს გასამხედროებული პირები და რა არის მათი მიზანი, მაგრამ ნათელია, რომ ისინი გარკვეულ ტერორისტულ მოქმედებებს ახორციელებდნენ იქ“, – აღნიშნა ბატონმა ხარშილაძემ თავის ინტერვიუში და იქვე დასძინა, რომ „ისინი არ არიან ადგილობრივები“.
ბატონმა სააკაშვილმა თქვა, რომ აწარმოებდნენ მოლაპარაკებას შეიარაღებულ დაჯგუფებასთან, რომლებსაც აღწერს როგორც „ძალიან კარგად შეიარაღებულებს და კარგად გაწვრთნილებს“, მაგრამ, პრეზიდენტის განცხადებით, მათ რამდენჯერმე განაცხადეს დანებებაზე უარი და საბოლოოდ ადგილზე გაგზავნეს სამხედრო შენაერთი.

სამთავრობო ძალებმა დაიწყეს მოქმედება მძევლების გასათავისუფლებად ოთხშაბათს, დილის საათებიდან, რასაც ბრძოლა მოჰყვა. ოფიციალური პირები და მოწმეები აცხადებდნენ, რომ დაჯგუფების წევრები შეიარაღებულები იყვნენ ავტომატური იარაღითა და ყუმბარმტყორცნებით.

ოთხშაბათს შუადღისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, ხუთი მძევალი იყო გამოშვებული, შეიარაღებული დაჯგუფების წევრები კი – ალყაშემორტყმული. ოფიციალურადვე გავრცელდა მოკლე ვიდეოჩანაწერი ორი ახალგაზრდისა, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი გაათავისუფლეს.

„მე და ჩემი მეგობრები ტყეში პიკნიკზე წავედით“, – თქვა ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც იდენტიფიცირებული იყო როგორც ლევან ხუცურაული.

„როდესაც ჩვენ ვბრუნდებოდით უკან, მდინარის გასწვრივ შეგვხვდა რამდენიმე წვერიანი კაცი, რომლებიც იყვნენ შეიარაღებულები. მათ გვითხრეს, რომ ჩვენ ვიყავით მძევლები და უნდა გავყოლოდით მათ. ისინი სიკვდილით დაგვემუქრნენ, თუ ჩვენ გაქცევას დავაპირებდით“, – აღნიშნავს ხუცურაული.

ოფიციალური პირების განცხადებით, მთავრობის ერთი მოკლული ოფიცერი იყო თავდაცვის სამინისტროს ექიმი, ვლადიმერ ხვედელიძე, ორი დანარჩენი კი სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის წევრები.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება დაიწყებს შეიარაღებული დაჯგუფების წევრების ვინაობისა და წარმოშობის კვლევას.

ქალაქ თელავში ქართველმა ოფიციალურმა პირებმა სწრაფად განათავსეს კრიზისთან გამკლავების მაღალი კლასის გუნდი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეთაურობით. საქართველო ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის ადრეულ ოქტომბერში და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომავალი წლის დასაწყისში. ოფიციალური პირები იაზრებენ, რომ ამომრჩევლები დასკვნებს გამოიტანენ იმის მიხედვითაც, თუ როგორ გაუმკლავდებიან ისინი მსგავს სიტუაციებს.

რუსეთში კი ოფიციალური პირები განაგრძობდნენ დაღესტანში სამშაბათს მომხდარ სისხლისღვრასთან გამკლავებას.

რავილ გაინუთდინმა, რუსეთის მუფტების საბჭოს ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ახლახან მომხდარი ძალადობის ფაქტი, რომელიც, უმეტესწილად, მუსლიმების მიერ იქნა გამოვლენილი სხვა მუსლიმების წინააღმდეგ, შესაძლოა, მივიდეს სამოქალაქო ომამდე.

„დაღესტანელ ხალხს ახლა სჭირდება ძალა, სიბრძნე და ღვთის შიში, რომ სიტუაცია შეინარჩუნონ კანონის ფარგლებში, თავიდან აიცილონ სამოქალაქო ომი და კონფლიქტი დაღესტნელი საზოგადოების გახლეჩის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა მან თავის განცხადებაში, რომელიც ინტერნეტით გამოქვეყნდა.
გაინუთდინმა, ასევე, გაიხსენა „უბრალოება, კეთილშობილება და სიბრძნე“ გარდაცვლილი რელიგიური ლიდერის – შეიკ ატსაიევისა, რომელიც მოკლულ იქნა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ.

რუსულმა ოფიციალურმა წყაროებმა ამოიცნეს თვითმკვლელი ტერორისტი – ამინატ კურბანოვა, 30 წლის ქალი, რომელიც ცხოვრობდა დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალაში“, – ნათქვამია „The New York Times“-ის სტატიაში.

ამასთან, ლოპოტას ხეობაში ანტიტერორისტულ ოპერაციას გამოეხმაურნენ სხვა დასავლური მედიასაშუალებებიც, მათ შორის, „BBC“, „როიტერი“ და „ბლუმბერგი“.