თბილისი, 31 აგვისტო, საქინფორმი. დაღესტნის ვილაიეთის ხელმძღვანელობა იუწყება, რომ საქართველოში ბრძოლები იმარატ კავკასიის მოჯაჰედებთან მიმდინარეობს.
ვილაიეთის ხელმძღვანელობის განცხადებას vdagestan.com ავრცელებს.
როგორც მასში არის ნათქვამი, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ჯარის მოჯაჰედებთან შეჯახებაზე.„დაღესტნის ვილაიეთის მოჯაჰედების ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ ბრძოლა იმარატ კავკასიის შეიარაღებული ძალების მოჯაჰედების წინააღმდეგ მიმდინარეობს. ჩვენი ინფორმაციით, ჩვენი ძმები მოჯაჰედები საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი ოპერაციის ჩატარებას არ აპირებდნენ, რამდენადაც ეს მათ გეგემაში არ შედიოდა. თუმცა თუ მოინდომებდნენ, დიდება ალაჰს, ამას ადვილად გააკეთებდნენ. ასევე, მოჯაჰედებს არ აუყვანიათ მძევლები და ეს არის ქართული მხარის ცილისწამება და სიცრუე“, – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება ქართულ მხარეს, განცხადების თანახმად, მან მუხანათურად მოკლა კავკასიის 11 მამაცი შვილი.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართული მხარე ასეთ მლიქვნელურ ქმედებას სჩადის, რითაც პუტინის რეჟიმის მაამებლობა სურს“, – ნათქვამია განცხადებაში.
დაღესტნის ვილაიეთის ხელმძღვანელობა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედება მოჯაჰედების წინააღმდეგ.
„მოვუწოდებთ, არ მოატყუონ საკუთარი ხალხი და მთელი მსოფლიო, ჩირქი არ მოსცხონ მოჯაჰედებს და არ იქონიონ რუსების მოწყალების იმედი მუსლიმანების სისხლის სანაცვლოდ. მსგავსი მოქმედებებით თქვენ შეიძენთ მხოლოდ კიდევ ერთ მტერს, რომელიც მკაცრად იძიებს შურს“, – ნათქვამია ვილაიეთის ხელმძღვანელობის განცხადებაში, რომელიც მთავრდება ყურანის სიტყვებით: „ისინი, რომლებიც უსამართლოდ იქცევიან, მალე გაიგებენ, სად დაბრუნდებიან“.