აქტუალური
პრემიერ-მინისტრის განცხადება სპეცოპერაციის თაობაზე

1-merabiSvili-aqtuaaaa1თბილისი, 31 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ბოლო დღეების განმავლობაში კახეთში, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განცხადება გააკეთა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია და ქართველმა სამართალდამცველებმა წარმატებით შეძლეს სახელმწიფოს საზღვრების დაცვა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ვანო მერაბიშვილმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ სპეცოპერაციაში. მან ღრმა მწუხარება გამოთქვა ორი პოლიციელისა და სამხედრო ექიმის გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ სახელმწიფო განაგრძობს გარდაცვლილთა ოჯახებზე ზრუნვას.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა და იგი აღარასოდეს დაუბრუნდება იმ დროს, როდესაც ვერ ახერხებდა თავისი ძირითადი პრინციპების – საზოგადოებაში უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას.

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ქვეყანა აგრძელებს განვითარებას და ამის მთავარი წინაპირობა არის სტაბილურობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.