თბილისი, 30 აგვისტო, საქინფორმი. პარტიისთვის შემოწირულ 315 000 ლარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხუთ შემომწირველს უკანვე დაუბრუნებს. ლაპარაკია საარჩევნო ფონდში ჩარიცხულ 315 000 ლარზე, რომელიც აუდიტის სამსახურმა კანონთან შეუსაბამო შემოწირულობად ცნო.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მათი პარტია საკუთარ თავს ფინანსური გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს უწესებს და თავის დროზე პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონს დაუჭირა მხარი.„თუმცა კანონის აღსრულების პროცესში ხარვეზებისგან დაზღვეული ვერ აღმოვჩნდით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ჩვენი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, სასარგებლოდ, რამდენიმე პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობა კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, ამიტომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, ხუთ შემომწირველს, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 1 575 000 ლარით დააჯარიმა, 315 000 ლარის ოდენობით განხორციელებულ შემოწირულობას უკან ვუბრუნებთ“, – აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა და დასძინა, რომ პარტიის ვებგვერდზე შემოწირულებების და შემომწირველთა შესახებ დეტალურ ინფორმაცია განთავსდება.
მისი თქმით, რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველთა შორის სოციალურად დაუცველ პირთა არსებობაზე, შემოწირულობების მიღებისას არ უვარაუდიათ, რომ კონკრეტული პირები სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული იქნებოდნენ.
„ჩვენ ყველას ვთხოვდით შემოსავლების დამადასტურებელ ინფორმაციას და შემოწირულობას ვიღებდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებოდით, რომ მათი შემოსავლები შემოწირულობის განხორციელების საშუალების იძლეოდა. თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაუდასტურებლად თავად ამ შემოსავლის წარმომავლობა მიიჩნია“, – აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უკანონო შემომწირველების მიმართ სანქციის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ადმინისტრაციული წარმოების შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ 5 შემომწირველი პირი სამართალდამრღვევად ცნო, რის გამოც მათ მიერ პოლიტიკური გაერთიანებისთვის შეწირული თანხები უკანონო შეწირულობად ჩაითვალა და სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში მათ ქონებას ყადაღა დაედო.