თბილისი, 30 აგვისტო, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებელი „ნაციონალურ მოძრაობას“, კოალიცია „ქართულ ოცნებას“, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასა“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობისთვის იწვევს.
პირველი დებატი ამ პარტიების პრემიერმინისტრობის კანდიდატებს შორის 9 სექტემბერს იგეგმება, ხოლო მეორე დებატი ამავე სუბიექტების საარჩევნო სიების პირველ ნომრებს შორის – 18 სექტემბერს.„ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პოლიტიკური პარტიები გაიზიარებენ დიდ საზოგადოებრივ ინტერესს და ჩვენთან თანამშრომლობით მისცემენ ქართველ საზოგადოებას ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას“, – ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.
მაუწყებელი აცხადებს, რომ დებატები, 2010 წელს თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართული პირველი ასეთი ტელედებატების მსგავსად, ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) პარტნიორობით მოეწყობა და მონაწილეებთან წინასწარ შეთანხმებული წესების მიხედვით წარიმართება.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც პრემიერობის კანდიდატებსა და სიის პირველ ნომრებს შორის დებატების ფორმატი პირველმა შესთავაზა, ტელედებატებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა. ამ წინადადებას, ასევე, მიესალმნენ „ქრისტიან-დემოკრატები“ და „ლეიბორისტები“. ბიძინა ივანიშვილის კოალიცია თავის პოზიციას მოგვიანებით გაახმიანებს.