პოლიტიკა
ივანიშვილი: „ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დაელაპარაკოს სააკაშვილს!“

1-hill-politika3თბილისი, 30 აგვისტო, საქინფორმი. უცხოური გამოცემა „The Hill“ აქვეყნებს ჯულიან პეკესტატიას საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით დასავლეთის აქტივობის მნიშვნელობაზე. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ყველაფერს აკეთებს იმის მისაღწევად, რომ ობამას ადმინისტრაციამ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ კამპანიის პროცესში არსებული სავარაუდო დარღვევები დაგმოს.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი და საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ შეერთებული შტატები უნდა დაელაპარაკოს მიხეილ სააკაშვილს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოს; სხვაგვარად, ამერიკამ შეიძლება დაკარგოს მისი ყველაზე ახლო მოკავშირე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კავკასიის რეგიონში.

„ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა ბოლო 20 წლის განმავლობაში არის ის, რომ შეერთებულმა შტატებმა – ამ დიდმა, ძლიერმა სახელმწიფომ – საქართველო თავის ახალგაზრდა მეგობრად მიიღო. ეს არის ის, რის გაძლიერებასაც ვიმედოვნებ მომავალში, მაგრამ ეს არის, ასევე, ის, რასაც ჩვენ დავკარგავთ, – თქვა ივანიშვილმა „The Hill“-ის თარჯიმნის დახმარებით სატელეფონო ინტერვიუში. – ხალხი ხედავდა, რომ სააკაშვილს შეერთებული შტატები ეხმარებოდა, და თუკი ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმს მივიღებთ, ხალხი შეერთებული შტატების წინააღმდეგ განეწყობა“.

ინტერვიუს ორგანიზება ამერიკელი ლობისტების დახმარებით მოხდა და მისი მიზანი სახელმწიფო დეპარტამენტზე ზეწოლაა, რათა დაიწყოს იმ ბრალდებების განხილვა, რომელთა თანახმადაც, სააკაშვილის მთავრობა ივანიშვილის მხარდამჭერებს დევნის და არ აძლევს მათ „ქართული ოცნების“ კამპანიის დაფინანსების უფლებას.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებრივ კვლევებში დაბალი მაჩვენებლები აქვს და ამტკიცებს, რომ ივანიშვილი ამზადებს ნიადაგს საპროტესტო გამოსვლებისთვის, როდესაც მისი გუნდი დამარცხდება.

„ამ ფონზე, ეს განცხადება ჩემთვის არის იმ საერთაშორისო კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანი ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაა“, – უთხრა „The Hill“-ს საქართველოდან გიგა ბოკერიამ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სააგენტოს ხელმძღვანელმა.

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ (ივანიშვილი, – საქინფორმი) ემზადება ისეთი სიტუაციისთვის, როდესაც ის თუკი დამარცხდება და როდესაც დამარცხდება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, ის განაცხადებს, რომ ხმები მოპარულია და მოემზადება ქუჩის გამოსვლებისთვის, და იტყვის, რომ იყო უამრავი კრიტიკა... ასევე შეეცდება, ისეთი შთაბეჭდილება შექმნას საერთაშორისო მედიაში, რომ არჩევნების მოპარვის ფაქტი დიდი სიურპრიზი არ იქნება“, – განაცხადა ბოკერიამ.

ივანიშვილი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ზაფხულის დასაწყისში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა თავისი პოზიცია დატოვა, სიტუაცია ბევრად გაურესდა. მისი შემცვლელი რიჩარდ ნორლანდი, როგორც მოსალოდნელია, საქართველოში 1 სექტემბერს ჩამოვა.

„ორი თვის წინ ისინი რაღაცას მაინც სცემდნენ პატივს, – უთხრა „The Hill“-ს ივანიშვილმა. – როგორც კი ელჩი წავიდა, თავდასხმები და დაშინება ყველა ზღვარს გასცდა“.

ივანიშვილის თქმით, მთავრობა ივანიშვილს ბრალს სდებს, რომ თავისი სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა ადამიანების საშუალებით „ქართული ოცნების“ კამპანიისკენ მიმართა, რითაც პარტიების დაფინანსების კანონებს არღვევს. საქართველოს მთავრობამ ივანიშვილი და მისი მხარდამჭერები 100 მილიონზე მეტი დოლარით დააჯარიმა და კანონდარღვევაში ეჭვმიტანილი იმ 68 ადამიანის სახლი დააყადაღა, რომლებიც ამ ჯარიმებს ვერ იხდიან.

„ჩემი კაპიტალი ფული არ არის. ჩემი კაპიტალი ნდობაა, რომელსაც 21 წლის განმავლობაში ვაშენებდი, და ჩემი ბიოგრაფია, რაც არის საქართველოს დახმარება და ქველმოქმედება, რომელიც გაწეული მაქვს“, – თქვა ივანიშვილმა პასუხად შეკითხვაზე მისი ექვსმილიარდიანი ქონების შესახებ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის თითქმის ნახევარია.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც შეერთებული შტატების ფედერალური საარჩევნო კომისიის ეკვივალენტია, აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 1 იანვრიდან 25 ივლისამდე დროის მონაკვეთში სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ 10-ჯერ მეტი დახარჯა, საიდანაც 3/4 შესაძლო არალეგალური ხარჯია.

ივანიშვილი აცხადებს, რომ მისმა კოალიციამ კამპანიის დაფინანსებისთვის დაშვებული ლიმიტის მხოლოდ 20% დახარჯა. ის ამბობს, რომ მთავრობას არ აქვს იმის მტკიცებულებები, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საკუთარ ფულს არ იყენენებენ ოპოზიციის კოალიციის მხარდასაჭერად.

ამ გზავნილის გავრცელებისთვის ივანიშვილი თვეში 300 000 დოლარზე მეტს ხარჯავს, მხოლოდ ამერიკულ ლობისტურ კომპანიებზე, როგორც ეს ამ თვის დასაწყისის ლობისტური ანგარიშების დოკუმენტებიდან ირკვევა. ფირმებს (Patton Boggs, National Strategies, Downey McGrath და Parry and Romani) აქვთ დავალება, მხარი დაუჭირონ „თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“ საქართველოში.

ლობისტურმა ძალისხმევამ, რომელიც მალევე დაიწყო მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა რბოლაში მონაწილეობის შესახებ განაცხადა, გარკვეულ წარმატებას მიაღწია. მარტში რესპუბლიკელმა ჯიმ მაკდერმოტმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომლის თანხმადაც, შეერთებული შტატების დახმარება უნდა შეწყდეს მანამ, სანამ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი არ დაადასტურებს იმას, რომ ოქტომბრის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო.

თუმცა, კანონპროექტს არაფერი მოჰყოლია და სააკაშვილს კვლავ რჩება ვაშინგტონში გავლენიანი მეგობრები. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ ლიდერი, რომელმაც ავტორიტარი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დაამხო, მოდერნიზატორად და რეფორმატორად აღიქმება, რომელიც 2008 წელს რუსეთს ხანმოკლე სასაზღვრო ომში დაუპირისპირდა.

ივანიშვილმა თქვა, რომ მას კარგად ესმის სააკაშვილზე მოულოდნელი თავდასხმის პოლიტიკური შედეგები შეერთებული შტატებისთვის, განსაკუთრებით, საარჩევნო სეზონში. „შეერთებული შტატები იმდენი ხნის განმავლობაში ისეთ ინვესტიციებს დებდა საქართველოში, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურად იყო შერაცხილი, და ახლა მათ სააკაშვილის ნამდვილი სახე დაინახეს, – განაცხადა მან. – ამის აღიარება არც ისე სასიამოვნოა“. მაგრამ, მისი თქმით, შეერთებული შტატები ერთადერთია, რომლის ხმასაც მნიშვნელობა აქვს.

„სააკაშვილის ყველაზე დიდი იარაღი იმის წარმოდგენაა, რომ ის დემოკრატია“, –  თქვა ივანიშვილმა.

თუკი შეერთებული შტატები ეტყოდა მას – „ის, რასაც შენ აკეთებ, დემოკრატია არ არის“, ერთადერთი რამ, რაზეც სააკაშვილი დგას, გაქრებოდა – მას არ აქვს ნავთობი, არ აქვს ფული, არაფერი არ აქვს... „მისთვის შეუძლებელი გახდებოდა პატივი არ ეცა ამ განცხადებისთვის“.

„The Hill“-ის ამ სტატიის თარგმანს „foreignpress“ აქვეყნებს.