პოლიტიკა
„ფე-ეს-ბე“ საქართველოს საზღვრის კვეთას უარყოფს

1-fsb-politika2თბილისი, 30 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში გავრცელებული ინფორმაცია, რომ შეიარაღებული ჯგუფი საქართველოში შესაძლოა, დაღესტნიდან მოხვდა, პროვოკაციული და უსაფუძვლოა. ამას იტყობინება „რია ნოვოსტი“ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის („ფე-ეს-ბე“) საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის უფროსის მოადგილე ვადიმ შიბაევის სიტყვებზე დაყრდნობით.

„სასაზღვრო სამსახურის მიერ რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის გადაკვეთის შემთხვევები არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა შიბაევმა.

„სამწუხაროდ, ქართული მხარე პირველად არ იტყობინება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ინციდენტების თაობაზე, მაგრამ არცერთხელ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა“, – განაცხადა მან წინა სასაზღვრო ინციდენტების დაკონკრეტების გარეშე.

ეს ინფორმაცია წინააღმდეგობაში მოდის ამავე სააგენტოს მიერ მანამდე გავრცელებულ ცნობასთან, რომელშიც „რია ნოვოსტი“ დაღესტნის სამართალდამცავი ორგანოდან წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ შეიარაღებული ჯგუფი საქართველოში დაღესტნიდან გადავიდა. ამ ინფორმაციის თანახმად, იმ შეიარაღებული დაჯგუფების წევრები, რომლებიც ქართულ ძალებს დაუპირისპირდნენ, დაღესტნის ცუნტინსკის რაიონიდან იყვნენ, რომელიც საქართველოს ესაზღვრება. უცნობი წყაროს ცნობით, მებრძოლები ძალოვანებს ემალებოდნენ და საქართველოში გადავიდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „დივერსანტთა“ შეიარაღებულმა ჯგუფმა რამდენიმე ადამიანი აიყვანა მძევლად საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან ახლოს. შსს-ის განცხადებით, ბოლო სამი დღეა, მძევლების გასათავისუფლებლად ოპერაცია მიმდინარეობს. 29 აგვისტოს მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 3 ქართველი ძალოვანი და 11 „დივერსანტი“ იქნა მოკლული. ყველა მძევალი გათავისუფლებულია, განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

იმ მოკლე განცხადებებში, რომლებიც აქამდე შსს-მ გამოაქვეყნა, არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ ვინ არიან ეს „დივერსანტები“, ან მოხვდნენ თუ არა ისინი საქართველოში რუსეთიდან. „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ – პროსახელისუფლებო ორმა ნაციონალურმა არხმა, განაცხადეს, რომ შეიარაღებული დაჯგუფება, სავარაუდოდ, დაღესტნიდან გადმოვიდა საქართველოში.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ ვინ იყვნენ შეიარაღებული დაჯგუფების წევრები და აღნიშნა, რომ შსს-ის კომპეტენციაში შედის ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. თუმცა მან განაცხადა: „ეს არის ჯგუფი, რომელიც აღმოჩენილ იქნა საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაღესტნის მონაკვეთთან, ეს არის შეიარაღებული ჯგუფი და ჯგუფის წევრები არ არიან საქართველოს მოქალაქეები“.