პუბლიკაციები
ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ „კვირის ქრონიკას“

1-analitnew-ninoპოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებმაც იციან სრული სიმართლე, – აცხადებს „ქრონიკასთან“ საუბრისას ამჟამად ევროპაში მცხოვრები, ქართული სპეცსამსახურების ყოფილი მაღალჩინოსანი და ისეთ ინფორმაციას გვაწვდის, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი კი არა, შეიძლება მთელი საზოგადოება ჩავარდეს შოკში.

19 აგვისტოს ნინო ბურჯანაძე შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და მეორე დღეს ამ უკანასკნელმა გააკეთა განცხადება, რომ მან შოკისმომგვრელი ინფორმაციები მიიღო თითქოს აფხაზეთთან დაკავშირებით. რამდენიმე დღე დიდი ინტერესით ველოდებოდით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო კიდევ და ამ ინფორმაციების ერთი ნაწილი ნინო ბურჯანაძემ გაახმაურა „TV 9“-ის ეთერში.

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანია ბიზნესში, ძალიან გამოუცდელია პოლიტიკაში და მან უპირობოდ გულუბრყვილოდ მიიღო ის, რაც ბურჯანაძემ უთხრა.

– თქვენ ახლა იმის თქმას აპირებთ, რომ ბურჯანაძემ ივანიშვილი მოატყუა?

– სინამდვილეში ბურჯანაძემ გასცა მხოლოდ მთავარი მოვლენის ერთი მცირე ფრაგმენტი.

– სხვათა შორის, ეგ ფრაგმენტი ჩვენს გაზეთში გაცილებით ადრე გამოქვეყნდა და არავითარ სიახლეს არ წარმოადგენდა. მკითხველებს შევახსენებ: მიხეილ სააკაშვილმა ბურჯანაძეს უთხრა, თუკი თანამდებობიდან წახვალ და ოპოზიციურ პარტიას შექმნი, აფხაზეთში ომს დავიწყებო.

– კი, მაგრამ ამ ყველაფერს წინ უსწრებდა ის ისტორია, რომელსაც ახლა პირველად მოისმენთ. სხვათა შორის, ამ ისტორიის არც ერთი მონაწილე დღემდე არ ლაპარაკობს... ერთი მათგანი, სამწუხაროდ, გარდაცვლილია, ეს გახლავთ ბადრი პატარკაციშვილი. მოკლედ, საქმე ეხება შემდეგ ფაქტს: 2007 წლის გაზაფხულზე ბადრი პატარკაციშვილის რეზიდენციაში ერთმანეთს ხვდებიან ნინო ბურჯანაძე, ბადრი ბიწაძე, ვალერი გელბახიანი და, რა თქმა უნდა, თავად პატარკაციშვილი. ჯერ იმას გეტყვით, რა უძღოდა წინ ამ შეხვედრას... ნინო ბურჯანაძე გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარე, ქვეყანაში იწყება უკანონობის ზეიმი, პატარკაციშვილი აკეთებს ბიზნესფედერაციაში განცხადებას, რომ დატერორებული ბიზნესი ქვეყანას ვერ ააშენებს, ითხოვს ფონდების გახსნას, ანუ თანხების ხარჯვის გამჭვირვალობას. სხვათა შორის, ამ ფონდებში ფულს ბიძინა ივანიშვილიც რიცხავდა და ის ეხმარებოდა „ვარდების ხელისუფლებას“. როგორც პოლიტიკაში შემოსვლისას განაცხადა, სოროსი იყო თვითონ. თქვენ იცით, რომ არც ბიზნესმენებისგან და არც ივანიშვილისგან ამას გამოხმაურება არ მოჰყოლია და ამის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილი იწყებს ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრებს, შემდეგ კი მათ დაფინანსებას საკმაოდ სოლიდური თანხებით. ამ დროს მისთვის უკვე ცხადი ხდება, რომ ხელისუფლება გადადის ფართომასშტაბიან შეტევაზე მის წინააღმდეგ და იძულებული ხდება, ღიად ჩაერთოს პოლიტიკაში.

სანამ ცხონებული ბადრი დააყენებს თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში, მოლაპარაკებას იწყებს ნინო ბურჯანაძესთან. ამ შემთხვევაში საუბრის საგანია ორი რამ: პირველი – ბურჯანაძემ უნდა შექმნას პოლიტიკური პარტია, ჩამოაყალიბოს საკუთარი გუნდი... ამ დროს პატარკაციშვილიც აყალიბებს პარტიას, ქმნის, ასევე, გუნდს, ორი სერიოზული ძალა უპირისპირდება მიხეილ სააკაშვილს და უსვამს წერტილს. ბუნებრივია, ბურჯანაძის ამ განზრახვას გაიგებდა თუ არა სააკაშვილი, მაშინვე დაიწყებდა მისი გადაყენების პროცედურას, ხომ?

– რა თქმა უნდა.

– ეს შემთხვევაც გათვალისწინებულია ვალერი გელბახიანის მეშვეობით, რომელიც იმ დროს არის პარლამენტის წევრი.

იმართება მოლაპარაკებები სხვა დეპუტატებთან პატარკაციშვილის სახელით, იძებნება 80 პარლამენტარი, ისინი ხელს აწერენ, რომ ნინო ბურჯანაძის გადაგდებაში მონაწილეობას არ მიიღებენ. სანაცვლოდ თითოეულ მათგანს უცხოეთში ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე გადაერიცხება ერთი მილიონი დოლარი. ამ შემთხვევაში ბურჯანაძე რჩება პოსტზე და იწყებს მზადებას საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

ალბათ ეჭვი არ გეპარებათ, რომ ქალბატონი ნინო იქნებოდა პრეზიდენტობის უალტერნატივო კანდიდატი პატარკაციშვილის სერიოზული ფინანსებისა და მხარდაჭერის მეშვეობით.

– ეჭვი არ მეპარება, ეს იქნებოდა სერიოზული დარტყმა მიხეილ სააკაშვილის შესარყევად.

– ჰოდა, პირველი მოლაპარაკებისას ბურჯანაძე ითხოვს მოსაფიქრებელ დროს, ამბობს, რომ ეს არის ძალიან სერიოზული გეგმა, რათა სააკაშვილი ხელისუფლებას ჩამოაშორონ. კიდევ შეგახსენებთ, ეს ყველაფერი ხდება 2007 წლის გაზაფხულზე... ამის შემდეგ პატარკაციშვილი ელოდება მის პასუხს, მაგრამ ქალბატონი ნინო მიდის დასასვენებლად თავის მეუღლესთან ერთად თურქეთში. 17 აგვისტოს ის ბრუნდება საქართველოში და 21 აგვისტოს იმართება მეორე შეხვედრა.

ცხონებული ბადრი უკვე ფიქრობს საკუთარი პარტიის ჩამოყალიბებაზე, თავმჯდომარედ შერჩეული ჰყავს გიორგი თარგამაძე, მის მოადგილედ – გუბაზ სანიკიძე, გენერალური მდივნის პოსტს სთავაზობს ვალერი გელბახიანს. რა თქმა უნდა, პატარკაციშვილს ამ დროს ჰყავს მოკავშირეები სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებიც გარედან დაუჭერენ მხარს.

ჩვენ უკვე ვიცით, 2007 წლის ნოემბრის აქციებში რომელი ძალები იღებდნენ მონაწილეობას. უკვე გითხარით, 21 აგვისტოს იმართება შეხვედრა ვალერი გელბახიანსა და ბადრი ბიწაძეს შორის. პატარკაციშვილი ვალერის საშუალებით ითხოვს პასუხს. ბიწაძე ამბობს ასეთ რაღაცას: თქვენ რას ურჩევთ ჩემს მეუღლეს, ქალი ზის ტყავის სავარძელში და ახლა იქიდან გადაჯდეს ტანკზე?!

ეს კი ნიშნავს, რომ ნინო ბურჯანაძე ამბობს უარს და რატომ, ამასაც გეტყვით... ის აბსურდი, ის ტყუილი, თითქოს აფხაზეთში შეჭრით დაემუქრა სააკაშვილი ბურჯანაძეს და მან ამიტომ დატოვა პოსტი, ისეთი რაღაცაა, რაც რიგით პოლიტიკოსსაც კი არ ეპატიება. რატომ არ გადადგა ნინო ბურჯანაძე 2007 წლის 7 ნოემბერს? ვერ გაბედა გადადგომა იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო ინფორმაცია ამ შეხვედრების თაობაზე. მეტიც, მან იცოდა, შეხვედრები იწერებოდა, სავარაუდოდ, იწერდა თავად პატარკაციშვილი და მიშა ეძებდა ვიდეოკასეტას. თუმცა ბურჯანაძეს ატყუებდა, ჩანაწერი უკვე მაქვსო.

როცა ნოემბრის ცნობილი მოვლენები დატრიალდა და „იმედის“ ერთ-ერთი მფლობელის, გოგი ჯაოშვილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, სწორედ ამ კასეტას ეძებდნენ, სააკაშვილს სჭირდებოდა მტკიცებულება. როგორც ვიცი, შემდგომში ეს მტკიცებულება მან მიიღო, ჩემი ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილმა გადასცა.

– ჩხარტიშვილთან საიდან მოხვდა?

– ის ბადრი პატარკაციშვილის მეგობარი იყო.  არ არის გამორიცხული, ერთ ეგზემპლარს ჩხარტიშვილთანაც ინახავდა.

მოდით, ახლა ვნახოთ სქემა: პატარკაციშვილს აქვს სწორი და საღი გეგმა, თუ ქვეყნის მეორე პირი ოპოზიციაში ჩადგება, მას ექნება სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა და სააკაშვილის რეჟიმი დამთავრებულია. რადგან ეს გეგმა არ გამოდის, ბადრი იწყებს ოპოზიციის დაფინანსებას და ნოემბრის აქციების ორგანიზებას, ის პარალელურად ხელისუფლებაში ეძებს ახალ მოკავშირეს, მისი „პარტნიორი“ ხდება თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.

ვიმეორებ, სწორედ ამ ვიდეო-ჩანაწერის შანტაჟით ვერ დატოვა 2007 წლის 7 ნოემბერს ნინო ბურჯანაძემ თანამდებობა, ის ახლა ცდილობს, ამ თემით თავი მოიწონოს ბიძინა ივანიშვილის წინაშე. მე ვფიქრობ, ივანიშვილს უნდა ეყოს ჭკუა და ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავოს, არავითარი შოკისმომგვრელი ინფორმაცია ბურჯანაძეს არ გაუმჟღავნებია მასთან. რაც მე ვთქვი, ეს არის სრული სიმართლე და თავად ბიძინას შეუძლია, რამდენიმე ადამიანთან გადაამოწმოს, მათ შორის, ვანო ჩხარტიშვილთანაც.

– ალბათ, აქ ერთი რამეც არ უნდა დაგვავიწყდეს, იმ პერიოდში ბიძინა ივანიშვილი ძალიან იყო დაახლოებული სააკაშვილთან და მის გარემოცვასთან. როგორც თვითონ ამბობს, მას ჭკუასაც ეკითხებოდნენ, დავიჯერო, თუ ეს ყველაფერი მართალია, ამის შესახებ არაფერი იცის?

– არა, ამის შესახებ იცის მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა. ამიტომ იყო მორჩილი ნინო ბურჯანაძე 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. მას პატარკაციშვილი სთხოვდა, გარანტიები მომეცი, საქართველოში ჩამოვალ და სრულფასოვან საარჩევნო კამპანიას ჩავატარებო, მაგრამ ვერ მისცა. ასევე ვერ გაბედა ბურჯანაძემ, გაეპროტესტებინა არჩევნების შედეგები და, ფაქტობრივად, ხელისუფლებაში სააკაშვილის მეორედ მოსვლა მოხდა მისი დასტურით. პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებმაც იციან სრული სიმართლე. ვინ, ვინ და ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რაზეა სააკაშვილი წამსვლელი, მის თვალწინ ხდებოდა ბევრი რამე... ეს ადამიანი იმდენად გამოუცდელია პოლიტიკაში, თავისი ემოციების დამალვაც კი არ შეუძლია, თქვენც კი შეატყვეთ, რომ ბოლო პრესკონფერენციაზე უხასიათოდ იყო. ამის შესახებ წავიკითხე „ალიაში“... მოკლედ, ის, რაც მისთვის აღმოჩნდა შოკისმომგვრელი, არის ერთი დიდი ტყუილი და მეტი არაფერი.

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

(გაზეთი „კვირის ქრონიკა“, №35 (557), 27 აგვისტო – 2 სექტემბერი 2012 წ.)