„ახალი მემარჯვენეები“: „გადასახადების ნახევარი ადგილზე უნდა რჩებოდეს“
თბილისი, 28 აგვისტო, საქინფორმი. მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების 50%-ის ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ადგილზე დატოვების ინიციატივით „ახალი მემარჯვენეები“ გამოვიდნენ. ამის შესახებ „მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ ბორჯომში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა. შეხვედრას პარტიის ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ესწრებოდა.
„დღეს იმას, რომ „ბორჯომის“ ჩამომსხმელი საწარმო გამართულად ფუნქციონირებს და საკუთარ პროდუქციას მრავალ ქვეყანაში წარმატებით ყიდის, თავად ბორჯომისა და ბორჯომელებისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ამ საწარმოს მიერ გადახდილი გადასახადები პირდაპირ ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის და შემდგომ უკვე ფინანსთა სამინისტრო თავად წყვეტს, რაში და რომელი რაიონის საჭიროებებისათვის დაიხარჯოს ეს თანხა. ასეთივე მდგომარეობაა საქართველოს ყველა რაიონში: „ყულევის ტერმინალის“ მიერ გადახდილი გადასახადები ხობსა და ხობის მოსახლეობას არ ხმარდება; „მადნეულის“ მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხები ბოლნისელების პრობლემების მოგვარებისთვის არ იხარჯება; „ნაბეღლავის“ მიერ გადახდილი გადასახადები ჩოხატაურელების საჭიროებების არ ხმარდება; „აზოტის“ მიერ გადახდილი გადასახადები კი რუსთაველებისთვის არ იხარჯება. „ახალი მემარჯვენეები“ ვაყენებთ საკითხს, რომ საწარმოების მიერ გადახდილი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების 50% ადგილზე – ამავე რაიონებში, დარჩეს და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს თანხები რაიონების საჭიროებისათვის, რაიონში მცხოვრები ადამიანების სოციალური თუ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისთვის, რაიონის განვითარების პროგრამების დასაფინანსებლად გამოიყენოს“, – განაცხადა გამყრელიძემ. „ახალი მემარჯვენეები“ მიიჩნევენ, რომ რაიონებში არსებული საწარმოების მიერ გადახდილი გადასახადების 50%-ის ადგილებზე დატოვებით ქვეყანაში რეალური ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებასა და განვითარებას მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი. „ამავე დროს, საშუალებას მისცემს ადგილობრივ ხელისუფლებას, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე რეალურად იზრუნოს და უფრო ეფექტურად და მიზანმიმართულად გაატაროს მათი ინტერესები“, – აცხადებენ
„მემარჯვენეები“.