აქტუალური
რუსთავში მერი შეცვალეს

1-rusTavi-aqtuuu2თბილისი, 28 აგვისტო, საქინფორმი. რუსთავს ახალი მერი ჰყავს. ქალაქის აღმასრულებელ ხელისუფლებას სათავეში ლაშა მინდელი ჩაუდგა. მან ამ პოსტზე ზაქარია დარჩიაშვილი შეცვალა.

თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერის თანამდებობაზე ლაშა მინდელის დანიშვნას რუსთავის საკრებულოს წევრებმა გუშინ საკრებულოს სხდომაზე დაუჭირეს მხარი.

ლაშა მინდელის კანდიდატურა საკრებულოსა და მერიის სამსახურებს ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ პირადად წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ ლაშა მინდელი მერის პოსტს მეორედ დაუბრუნდა. ის ქალაქს 1999-2001 წლებში ხელმძღვანელობდა, 2001-2002 წლებში იყო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, 2004-2008 წლებში – საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, 2008 წლიდან დღემდე მეშვიდე – მოწვევის პარლამენტის წევრი.

რაც შეეხება ყოფილ მერს – ზაქარია დარჩიაშვილს, იგი ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილის რანგში განაგრძობს საქმიანობას. აღნიშნული პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გუბერნატორის მოადგილე მამუკა ჩიქოვანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა.