საზოგადოება
თბილისი, 28 აგვისტო, საქინფორმი. 1 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისსა და კიდევ 10 ქალაქში პარტიულ შეკრებებს გამართავს, რაც ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ამის შესახებ მმართველი პარტიის პრესსპიკერმა, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა.
დედაქალაქის გარდა მმართველი პარტია წინასაარჩევნო ყრილობის ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას პარტიის წევრები და მხარდამჭერები მიიღებენ, საქართველოს შემდეგ ქალაქებში გეგმავს: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, რუსთავი, ამბროლაური.თაქთაქიშვილის ინფორმაციით, თბილისში ყრილობა სპორტის სასახლეში ჩატარდება, ხოლო რეგიონებში ამ შეკრებების დრო და ადგილი ეტაპობრივად ეცნობება საზოგადოებას.
„საარჩევნო ყრილობაზე იგეგმება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გამოსვლები, რომლებიც საზოგადოებას გააცნობენ ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამას –მეტი სარგებელი ხალხს!“ – განაცხადა მან.
მმართველი პარტია აცხადებს, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მისი ეს ღონისძიება პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდიდან დაფინანსდება.