პოლიტიკა
ივანიშვილი: „თუ რუსეთმა მე აგენტად გამომგზავნა, მაშინ საქართველო მისთვის ყველაზე საყვარელი ქვეყანა ყოფილა!“

1-oni-politika3თბილისი, 28 აგვისტო, საქინფორმი. საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებისა, რომ ივანიშვილს ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დაბრუნება სურს, საქართველოში საბჭოთა კავშირი თავად სააკაშვილმა დააბრუნა! ამის შესახებ ივანიშვილმა ონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

„სააკაშვილმა თავად დააბრუნა საქართველოში საბჭოთა კავშირი, რადგან ქვეყანაში არ არსებობს განსხვავებული აზრი და არსებობს პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც კომუნისტურ პარტიას ჰგავს“, – განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული დღესასწაულები პარტიულ დღესასწაულებად გადააქცია.

„სად გსმენიათ, „ვაჟაობა“ ერთ თვეში ორჯერ გვეზეიმოს?!. „ქართულ ოცნებას“ მსგავსი არც განცხადება გაუკეთებია და არც მოქმედებით გამოუხატავს“, – აღნიშნა კოალიციის ლიდერმა.

ივანიშვილმა მის მიმართ წაყენებულ კიდევ ერთ ბრალდებას უპასუხა და განაცხადა, რომ ის რუსეთის აგენტი არ არის. მისი თქმით, თავისი ხარჯების 99%-ს საქართველოს ახმარდა და თუ რუსეთი ასეთ აგენტებს აგზავნის საქართველოში, მაშინ ეს მისთვის ყველაზე საყვარელი ქვეყანა ყოფილა.