პოლიტიკა
ივანიშვილი: „მაჟორიტარი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს, ვერ იქნება თქვენი მეგობარი!“

1-ivan-politika2თბილისი, 28 აგვისტო, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც კამპანიის ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 26 და 27 აგვისტოს შეხვედრებს მართავდა, მოუწოდა მომხრეებს, რომ ერთმანეთისგან არ განასხვაონ და ერთნაირად დაუჭირონ მხარი მის კოალიციას როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ არჩევნებში.

„ძალიან კარგად გააცნობიერეთ, ნებისმიერი მაჟორიტარი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს, ის ვერ იქნება თქვენი მეგობარი; ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარი; ის არ შეიძლება ცალკე განიხილებოდეს“, – განაცხადა მან 26 აგვისტოს ლენტეხში  გამოსვლისას.

„ძალიან ბევრი რეგიონიდან მოდის ხმა, რომ „ქართულ ოცნებას“ კი მივცემთ ხმას, მაგრამ აი ძალიან კარგი მაჟორიტარია გეგენავა თუ ვიღაც სხვა და ჩვენ გვინდა, რომ გეგენავას დავუჭიროთ მხარი. არ ენდოთ, ანალიზი გააკეთეთ – თუ გეგენავა ამ ხელისუფლებას უჭერს მხარს, უჭერს მხარს მის პოლიტიკას, მან პასუხი უნდა აგოს ყველა მის ნაბიჯზე“, – განაცხადა ივანიშვილმა, მხედველობაში ჰყავდა რა დეპუტატი არჩილ გეგენავა, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის გზით კვლავაც ცდილობს, შეინარჩუნოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატი, რომელიც წინა არჩევნებზე მმართველი პარტიის სახელით მოიპოვა და ამჟამადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია ამ რაიონში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 150-წევრიანი პარლამენტი შერეული სისტემით ირჩევა – 73 დეპუტატი ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებიდან, ხოლო 77 პარტიული სიებით მოიპოვებ მანდატებს იმ პარტიებიდან და ბლოკებიდან, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა პარტიამ პროპორციული წესით ხმათა 59.18% მიიღო, თუმცა, ნაციონალურმა მოძრაობამ მთლიანობაში 150-წევრიან პარლამენტში მანდატების 79.3% მოიპოვა იმის საფუძველზე, რომ მაშინ მოქმედი 75 ერთმანდატიანი ოლქიდან 71-ში მოიგო მაჟორიტარული არჩევნები.

ლენტეხში გამოსვლისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის 30 აგვისტოს გეგმავს საერთაშორისო დამკვირვებლებსა და დიპლომატებთან შეხვედრას, სადაც ძალიან სერიოზული და ძალიან დასაბუთებული ძირითადი განცხადება გაკეთდება.

„ჩვენ ვაკეთებთ გადამწყვეტ შეტევას იმისათვის, რომ ეს უსამართლობა, რაც არსებობს დღეს, ეს მინდორი საარჩევნო, რასაც ჰქვია და არის აბსოლუტურად დაუბალანსებელი და აბსოლუტურად უსამართლო, როგორმე მას მივცეთ დაბალანსებული და ოდნავ მაინც მიახლოებული სამართლიან არჩევნებთან სახე“, – განაცხადა მან.

„ძალიან  ბევრი რამ  იქნება გამოსასწორებელი და ჩვენ მკვეთრად ამის მოთხოვნებს გავაკეთებთ და დიდი იმედია იმის, რომ ამას გაიგებენ ევროპელებიც და ამერიკელებიც და ძალიან ბევრ რამეზე ანგარიშის გაწევა მოუწევს ხელისუფლებას, – განაგრძო მან. – ჩვენ ვართ ძალიან მობილიზებულები. ყველაფერი ვიცით, ვინ აყალბებს, რას აყალბებს და რა თეორიები აქვთ და მაქსიმალურად ვაკეთებთ, რომ წინ აღვუდგეთ... ვერაფერსაც ვერ შეძლებენ, არაფრის საშუალებას არ მივცემთ და ის, რაც გააკეთეს დღემდე და რაც დაანგრიეს, აი მათზე მოუწევთ მათ ძალიან მკაცრი პასუხისგება“.

26 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილი ესტუმრა ცაგერსაც, სადაც წმინდა მაქსიმეს სახელობის ტაძარს ეწვია, იქ კი  აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის გვერდით, რომელიც მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერია მოახლოებულ არჩევნებში. ივანიშვილი და ბაქრაძე ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით მიესალმნენ.

„დღეს ხელი ჩამოვართვი ბაქრაძეს: ძალიან გამიხარდა – დღეს ხელს აღარ დავიბან“, – ღიმილით განაცხადა ივანიშვილმა მოგვიანებით.

21 აგვისტოს ბაქრაძეზე საუბრისას, რომელსაც, კონსტიტუციით, პრეზიდენტის შემდეგ მეორე პოსტი უკავია ქვეყანაში, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი თანამდებობა მხოლოდ ფორმალურია და რეალურად მას არანაირი ძალაუფლება არ გააჩნია.