პოლიტიკა
იუჯინ პურსო: „ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართველმა ხალხმა სისხლისღვრა აიცილოს“!

1-purso-politika1თბილისი, 28 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს მეგობართა ჯგუფის დამფუძნებელი, გაეროს გენერალური ასამბლეის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იუჯინ პურსო საქართველოში სირიისა და ეგვიპტის სცენარების განმეორების საფრთხეზე საუბრობს.

ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკელ დიპლომატთან გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ ჩაწერა. მისი თქმით, ამერიკელი ხალხი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ბრძოლაში, თუმცა საქართველოში მიმდინარე მოვლენები დამშვიდების საფუძველს არ აძლევს.

„ხალხის გათავისუფლება სამსახურებიდან იმის გამო, რომ მათი შვილები ან თავად გამოხატავენ სიმპათიას სხვა პოლიტიკური ძალის მიმართ, მარწმუნებს, რომ მთავრობა პოლიტიკურად მოტივირებულ მოქალაქეებს დევნის. ეს ძალიან მძიმე ფაქტია იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების მიმდევრად აცხადებს თავს“, – ამბობს პურსო ინტერვიუში.

მისივე შეფასებით, არჩევნები საქართველოში ბრძოლის ველს ემსგავსება და მას არ აქვს უფლება, შორიდან უყუროს, როდის მივა საქმე კონფრონტაციამდე.

„როდესაც ვითარება იქამდე მიდის, რომ შეიძლება სისხლი დაიღვაროს, ჩვენი მოვალეობაა, ჩავერიოთ და გადავარჩინოთ ქვეყანა უბედურებას... თავს მოვალედ ვთვლი, გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოში არ განმეორდეს ეგვიპტე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართველმა ხალხმა სისხლისღვრა აიცილოს“, – აღნიშნავს პურსო.

მისივე ინფორმაციით, უკვე მიიღო წერილი ქართველი ემიგრანტებისგან, სადაც ისინი ამერიკელი ხალხისგან დახმარებას ითხოვენ.

„საქართველო წინასაარჩევნო სამზადისში ჩაფლულ ქვეყანას არაფრით ჰგავს. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ქვეყანა ბრძოლის ველია, ხოლო მთავრობა ისე იქცევა, თითქოს არჩევნებისთვის კი არა, ხალხთან ომისთვის ემზადება“, – აღნიშნავს იუჯინ პურსო „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.