ივანიშვილმა წლის დასაწყისში დაიქირავა ისეთ საკონსულტაციო, ლობისტური და იურიდიულ კომპანიები, როგორიცაა National Strategies, Patton Boggs და სხვები, რომლებმაც თავდაპირველად ივანიშვილისთვის გასაწევი მომსახურების შესახებ ზოგადი მონაცემები კონგრესს წარუდგინეს „ლობირების გასაჯაროების აქტის“ (Lobbying Disclosure Act – LDA) ფარგლებში. ეს კანონი ლობისტურ კომპანიებს ავალდებულებს, საჯარო გახადოს ინფორმაცია უცხო ქვეყნის მოქალაქე კერძო პირებისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ. თუმცა მას შემდეგ, რაც აპრილში ივანიშვილმა პოლიტიკური პარტია დააფუძნა, მის ლობისტურ და საკონსულტაციო ფირმებს მოუხდათ დარეგისტრირება აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (Foreign Agent Registration Act – FARA) ფარგლებში. „LDA“-გან განსხვავებით, FARA ავალდებულებს კომპანიებს, საჯარო გახადოს უცხოური მთავრობებისა და პოლიტიკურ პარტიებისთვის გაწეული საქმიანობა. განსხვავება ისიცაა, რომ „FARA“-ს ფარგლებში იუსტიციის დეპარტამენტისთვის წარდგენილი მონაცემები გაცილებით უფრო დეტალურია, ვიდრე ის, რომელსაც კომპანიები „LDA“-ს ფარგლებში კონგრესს წარუდგენენ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში Patton Boggs მიუთითებს, რომ მისი ივანიშვილისთვის გაწეული მომსახურების ერთი მიმართულება შესაძლოა, მოიცავდეს ადვოკატირებას კონგრესმენებთან, მათი აპარატის თანამშრომლებსა და პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა „საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ სადამსჯელო ღონისძიებები, რომლებმაც შეზღუდეს მისი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები“; ასევე, ადვოკატირებას „შერჩევითი სადამსჯელო ზომების გამოყენებაზე „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ“.
„Patton Boggs“-ს ივანიშვილი იანვრიდან დაწყებული 160 000 აშშ დოლარს უხდის ყოველთვიურად. კონტრაქტის ხანგრძლივობა ათი თვეა. ივანიშვილისთვის გაწეულ მომსახურებას ზედამხედველობას თომას ჰეილ ბოგსი, „Patton Boggs“-ის პარტნიორი, ასევე, ფირმის ორი წამყვანი მრჩეველი უწევენ.
ივანიშვილმა მეორე კომპანია National Strategies ლობირების; მედიასთან ურთიერთობების; საარჩევნო კამპანიის კონსულტირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის დაიქირავა. National Strategies ამ სერვისებს რამდენიმე ქვეკონტრაქტორის მეშვეობით ახორციელებს.
ლობირების კომპონენტში, „National Strategies“-მა თავის მხრივ კონტრაქტი დადო ორ ფირმასთან (Downey McGrath Group და Parry, Romani, DeConcini & Symms), რათა ისინი ივანიშვილს დაეხმარონ ვაშინგტონში ურთიერთობების განვითარებასა და მენეჯმენტში.
ივანიშვილი ყოველთვიურად 105 000 აშშ დოლარს უხდის „National Strategies“ -ს; „Downey McGrath Group“-სა და „Parry, Romani, DeConcini & Symms“-ს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ.
იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი მონაცემების თანახმად, National Strategies უზრუნველყოფს ურთიერთობას კონგრესსა და ობამას ადმინისტრაციასთან, რათა „კლიენტის (ივანიშვილის, – საქინფორმი) კამპანიისთვის მხარდაჭერა გაზარდოს“, ასევე, დაეხმაროს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ლიდერების მიმხრობაში საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდასაჭერად და ხელი შეუწყოს ივანიშვილის საარჩევნო კამპანიას.
კონტრაქტის თანახმად, „National Strategies“-ის მომსახურება მოიცავს აშშ-ში მედიაკამპანიის უზრუნველყოფასაც, რომლის სამიზნეც არიან ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და წამყვანი კომენტატორები, პოლიტიკური მიმომხილველები. ამაში, ასევე, შედის აშშ-ის ეროვნულ პრესკლუბში ბრიფინგების მოწყობა, ექსკლუზიური ინტერვიუების ორგანიზება, მედიის მონიტორინგი და მათზე რეაგირება.
ამასთან, National Strategies უზრუნველყოფს კამპანიასა და პიარში ივანიშვილის კონსულტაციებს მისი პარტნიორი კომპანია „K-global“-ის მეშვეობით (ორივე კომპანია – National Strategies და K-global – „Interpoint Group“-ის შემადგენლობაში შედის).
ამ მომსახურებისთვის ივანიშვილი ყოველთვიურად 65 000 აშშ დოლარს იხდის.
აღნიშნულ კომპონენტში, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, National Strategies „K-global“-ის მეშვეობით და ივანიშვილის კამპანიის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით ეხმარება საარჩევნო გზავნილების შექმნაში; ასევე, კამპანიის დროს წინწამოსაწევი თემების გამოკვეთაში; საავტორო სტატიების მომზადებაში; მედიის ტრენინგებსა და ინტერვიუებისთვის მომზადებაში.
ეს მომსახურება მოიცავს ინტერნეტკამპანიის წარმოებასაც, მათ შორის, ინგლისურენოვანი ვებგვერდის (Citizens for Democracy in Georgia) გამოყენებით, რომელიც მიზნად ისახავს „აშშ-ში გავლენიანი პირების, პოლიტიკოსებისა და მედიისთვის საქართველოს საკითხის“ წინ წამოწევას.
ამ კომპონენტის კიდევ ერთი ელემენტი მოიცავს ივანიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის სოციალური მედიის გამოყენებას, რათა „შეიქმნას ონლაინ მხარდამჭერების არმია, რომელთაც მნიშვნელოვანი წვდომა და გავლენა აქვთ ინტერნეტში, რათა გაიზარდოს პოზიტიური აზრი კლიენტის კამპანიის მიზნების მიმართ“. ივანიშვილის გვერდს „Twitter“-ზე, რომელსაც მისი პიარ ონსულტანტები მხოლოდ ინგლისურ ენაზე უწევენ ადმინისტრირებას, 28 700 მიმდევარი ჰყავს.
ბიძინა ივანიშვილის შესახებ დოკუმენტური ფილმის შექმნა ამავე მომსახურების შემადგენელი ნაწილია. ამ ფილმის პრომოვერსია უკვე გავრცელდა.
„K-global“-ის მმართველმა დირექტორმა თომას ფრენკმა კომპანიის ბლოგზე 24 აგვისტოს ამ დოკუმენტური ფილმის შესახებ დაწერა: „ივანიშვილს სათანადოდ არ იცნობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, რაც უცხოელი ლიდერების შიშს იწვევს. ჩვენი მიზანი იყო მისი ამბავი გაგვეცოცხლებინა, ამ შემთხვევაში ფილმის მეშვეობით, რომელიც აცნობს (ივანიშვილს, – საქინფორმი) მსოფლიოს და მის ქვეყანას.“
„National Strategies“-ის მიერ წარდგენილი ინფორმაცია მოიცავს იმ აქტივობებსაც, რომლებიც კომპანიამ და მისმა ქვეკონტრაქტორებმა კლიენტის სასარგებლოდ 10 აპრილიდან 10 მაისამდე პერიოდში განახორციელეს, მათ შორისაა ივანიშვილის „Twitter“-ის გვერდის ადმინისტრირება და „მიმდევრების“ მოპოვება; კონგრესში სამი განცხადების მომზადება; საარჩევნო კამპანიისთვის სასაუბრო პუნქტების მომზადება. ეს ჩამონათვალი, ასევე, შეიცავს „მაღალი დონის მოკავშირეების მიმხრობას“, მათ შორის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მდივნის – თომ რიჯის, და აშშ-ის არმიის თადარიგის გენერლისა და სამხედრო ანალიტიკოსის – ბარი მაკაფრის.
საქართველოს მთავრობა არ არის გულზე ხელდაკრეფილი. მან კიდევ ორი ამერიკული ლობისტური ფირმა დაიქირავა. ის ასევე სარგებლობს რამდენიმე ამერიკული ლობისტური ფირმის მომსახურებით. ვაშინგტონში მის ლობისტურ გუნდს წელს კიდევ ორი კომპანია შეუერთდა – Prime Policy Group და Gephardt Government Affairs, რომლებიც კონგრესსა და აშშ-ის ადმინისტრაციასთან თავისუფალი ვაჭრობისა და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ურთიერთობებსა და ადვოკატირებას უზრუნველყოფენ. ორივე ფირმა მთავრობამ ექვსი თვით დაიქირავა და ჯამში 330 000 აშშ დოლარს უხდის.
გარდა ამ ორი კონტრაქტისა, რომელთაც ივნისში მოეწერა ხელი, საქართველოს მთავრობა სხვა ამერიკული ლობისტური კომპანიების, მათ შორის, „Podesta Group“-ის, „Orion Strategies“-ისა და კონსულტანტ გრეგორი მანიატისის მომსახურებითაც სარგებლობს.
წელს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს 600 000 აშშ დოლარის ღირებულების 11-თვიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული „Podesta Group“-თან და 360 000 აშშ დოლარის ღირებულების ერთწლიანი კონტრაქტი – კონსულტანტ გრეგორი მანიატისთან.
ამას გარდა, საქართველოს მთავრობის დიდი ხნის კონტრაქტორმა „Orion Strategies“-მა ქვეკონტრაქტი გააფორმა „LynxDC“-თან, რომელიც, დაწყებული მიმდინარე აგვისტოდან საქართველოს ხელისუფლებას „სტრატეგიულ რჩევას და საკონსულტაციო მომსახურებას“ უწევს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ეხმარება სტრატეგიულ კომუნიკაციაში, საზოგადოებასთან ურთიერთობებში, აშშ-ში გადაწყვეტილების მიმღებთ აწვდის ცნობებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და ყველა ამ აქტივობებს ახორციელებს როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში. ივლისში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ „Orion Strategies“-თან წელს არსებული 270 000 აშშ დოლარის ღირებულების ექვსთვიანი კონტრაქტი კიდევ ნახევარი წლით გააგრძელა და ამისთვის ისევ 270 000 აშშ დოლარს იხდის.
საქართველოს მთავრობის მიერ ვაშინგტონში ლობისტური ფირმების მომსახურებისთვის წელს გაწეული ხარჯები, სულ ცოტა, 1,83 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.