თბილისი, 27 აგვისტო, საქინფორმი. მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი უპირატესობა აქვს ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით – აგვისტოს დასაწყისში გამოკითხული 1 500 რესპონდენტიდან 46% – მმართველ პარტიას, ხოლო 24% „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს.
ამერიკული კომპანია „Greenberg Quinlan Rosner“-ის (GQR) კვლევის თანახმად, რომლის საველე სამუშაოები ადგილობრივმა კომპანია „ACT“-მ ჩაატარა, იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ამბობენ, რომ ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, ვის მისცემენ ხმას, არ იციან ან უარს ამბობენ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე, 20%-ს შეადგენს.GQR თავის კვლევებში, დამატებითი შეკითხვების დასმის გზით, ასევე, ზომავს, თუ როგორ შეიძლება გადანაწილდეს იმ რესპონდენტთა ხმები, რომლებიც, სავარაუდოდ, არჩევნებზე წავლენ, მაგრამ რომლებიც ჯერ არ ამჟღავნებენ თავიანთ პოლიტიკურ პრეფერენციებს ან ჯერ არ გადაუწვეტიათ, თუ ვის მისცემენ ხმას (allocated likely voters).
ამ მეთოდით, ხმათა გადანაწილების შედეგად, GQR აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერა 55%-მდე იზრდება, ხოლო „ქართული ოცნების“ – 33%-მდე; „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ კი 5% აქვს, ხოლო „ახალ მემარჯვენეებს“ – 3%. ამ მეთოდით ხმათა გადანაწილებისას კვლევის შედეგებში ცდომილება 3.7%-ია.
„GQR“-მა, რომელიც პირველად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დაიქირავა, განაცხადა, რომ მისი კვლევის შედეგები „ძირითადად შეესაბამება“ ივნისში „NDI“-სა და იმავე თვის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში „IRI“-ს მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებს, რომელთა მიხედვითაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მნიშვნელოვანი ორნიშნა უპირატესობა აქვს“.
„GQR“-ის განცხადებით, ერთადერთი კვლევა, რომელიც განსხვავებულ შედეგს აჩვენებს, არის „Penn Schoen Berland“-ის (PSB) რეიტინგები.
„PSB“-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულ იმ 1 980 ამომრჩეველს შორის, რომლებიც არჩევნებზე წასვლას აპირებენ, 42%-მა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი, ხოლო 41%-მა – მმართველ პარტიას.
„PSB“-ის განცხადებთ, იმის გათვალისწინებით, რომ „ქვეყანაში არსებობს ამომრჩეველთა დაშინების შესახებ წუხილები“, მან საზოგადოებრივი აზრის კვლევისას გამოიყენა „ფარული კენჭისყრის“ მეთოდოლოგია. კერძოდ, რესპონდენტებს სთხოვდნენ, ის პარტია შემოეხაზათ კითხვარში, რომელსაც მხარს უჭერდნენ, შემდეგ ეს ქაღალდი მოეთავსებინათ კონვერტში და ჩაეგდოთ ყუთში, რათა ინტერვიუერისთვის მისი პასუხი საიდუმლოდ დარჩენილიყო.
„PSB“ თავის კვლევას, ასევე, ადარებს „NDI“-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს, სადაც 36%-იანი მხარდაჭერა აქვს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ – 18% და 16% უარს ამბობს პასუხის გაცემაზე, თუ ვის უჭერს მხარს. ამ შედეგების შედარებისას, PSB აცხადებს, რომ თუ იმ რესპონდენტთა რაოდენობას, რომლებიც თავიანთ პოლიტიკურ პრეფერენციებს არ ამჟღავნებენ, დავუმატებთ „ქართულ ოცნებას“, რაც „არ არის უსაფუძველო ვარაუდი ქვეყანაში, სადაც მაღალია ამომრჩეველთა დაშინების დონე“, „NDI“-ს კვლევის შედეგი თითქმის დაემთხვევა მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.
თუმცა GQR აცხადებს, რომ „PSB“-ის ამგვარი მოსაზრება, რომ ყველა ის, ვინც უარს ამბობს პასუხის გაცემაზე, თუ ვის უჭერს მხარს, ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ ფარული მხადამჭერები არიან, დამაჯერებლობას მოკლებულია. „GQR“-ის განცხადებით, მის მიერ 2008 წლის საპრეზიდენტო და 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ ჩატარებული კვლევის შედეგები, როდესაც ხდებოდა „პასუხის არგამცემთა“ და „გადაუწვეტელთა“ ხმების გადანაწილება (allocated likely voters), ემთხვეოდა არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგებს. „GQR“-ის თქმით, მისი გამოცდილება აჩვენებს, რომ „პასუხის არგამცემთა“ უფრო დიდი წილი საბოლოო ჯამში მმართველი პარტიის სასარგებლოდ აძლევდა ხმას.
„GQR“-მა ეჭვის ქვეშ დააყენა „PSB“-ის მოსაზრებაც იმასთან დაკავშირებით რომ „ფარული კენჭისყრის“ მეთოდოლოგია უფრო ზუსტ შედეგს იძლევა. „GQR“-მა განაცხადა, რომ მისი ბოლო კვლევისას მან ექსპერიმენტის სახით რესპონდენტთა ნახევარი „ფარული კენჭისყრის“ მეთოდით გამოკითხა, ხოლო მეორე ნახევარი – სიტყვიერად, თუმცა ამ ორი მეთოდით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს შორის მხოლოდ სტატისტიკურად უმნიშვნელო სხვაობა დაფიქსირდა.