საზოგადოება
მიხეილ ხუბუტია: „ქართველი ხალხი რეალურად ვერ გაძლებს რუსი ხალხის გარეშე“

1-saz1თბილისი, 27 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სარანსკში ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საბჭოს პირველი სხდომა ჩაატარა, რომელიც მორდოვეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის 1000 წლის იუბილეს დაემთხვა.

სხდომაზე ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ „ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში ერთ-ერთ საკვანძო ცნებად უნდა იქცეს ტოლერანტობა, სხვა ხალხის, ეთნოსის, კულტურისა და ცხოვრების წესის მიმართ პატივისმცემელი დამოკიდებულება“.

პრეზიდენტმა საბჭოს წევრებს შესთავაზა, წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებსა და სკოლამდელ საბავშვო დაწესებულებებში ამ მიმართულებით მუშაობის ფორმების შესახებ. მისი აზრით, ტოლერანტობის ერთგვარი გაკვეთილები აქტუალურია მსხვილი ქალაქებისა და იმ რეგიონებისთვისაც, სადაც ფართოდ არიან წარმოდგენილი შრომითი მიგრანტების ეროვნულ-კულტურული საზოგადოებები და სათვისტომოები.

„ჩვენ არ გვაქვს უფლება, უგულებელვყოთ ნებისმიერი ნეგატიური ტენდენციები, რომლებიც ამ სფეროში წარმოიშობა, და უნდა გვესმოდეს, რომ ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენებულ კონფლიქტებს შეუძლია არა მარტო შეარყიოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა, არამედ მისი საფუძვლები დაანგრიოს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

„დღეს დემოკრატიის განვითარებისა და თავისუფლების საბაბით სულ უფრო ხშირად წამოყოფენ თავს სხვადასხვა ნაციონალისტური ჯგუფები. ისინი მონაწილეობენ მიტინგებში, მუშაობენ ინტერნეტში და მოზარდთა კლუბებში, სტუდენტურ საზოგადოებებში, გამოდიან ხან „რუსული“, ხან „თათრული“, ხან „კავკასიური“, ხან რაიმე სხვა „რეგიონული“ ნაციონალიზმის ლოზუნგებით. არსებითად, ისინი ყველანი ჩვენს ქვეყანაში სეპარატისტული, გამთიშავი ტენდენციების წარმოშობას უბიძგებენ და პროვოცირებას ახდენენ“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის წინადადებით, უნდა ჩამოყალიბდეს ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საბჭოს პრეზიდიუმი, რათა ამ პრობლემის სხვადასხვა ასპექტი ოპერატიულ რეჟიმში იქნეს განხილული.

შემდეგ სხდომაზე ექსპერტები და რუსეთის ეროვნულ დიასპორათა ხელმძღვანელები გამოვიდნენ.

რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ თავისი გამოსვლა რუსების მომავალი თაობების ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით აღზრდის პრობლემას მიუძღვნა.

„ეროვნული საბჭოს ფარგლებში ჩვენ უკვე გადავდგით პირველი ნაბიჯი მცირედ უზრუნველყოფილი ოჯახების ბავშვებისთვის – მოსკოვში მათთვის მრავალეროვნულ სკოლას ვქმნით, სწორედ უქონელი ბავშვებისთვის. ახალი ვუნდერკინდები და ლომონოსოვები უნდა ვიპოვოთ. მოსკოვის მერმა სობიანინმა ამ მიზნებისთვის ფართი გამოყო – ოქტომბერში უკვე მშენებლობას ვიწყებთ“, – თქვა საბჭოს სხდომაზე ხუბუტიამ.

„ჩემი წინადადებაა – ამ საბჭოს ფარგლებში მთელ რუსეთში დაიგეგმოს ასეთი სკოლების შექმნა. ვფიქრობ, ადგილებზე დახმარებას ბიზნესი შეძლებს“, – თქვა ხუბუტიამ და აღნიშნა, აგრეთვე, რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს პოზიტიური როლი და მხარდაჭერა, რომელიც „უკვე აწარმოებს მთელ რუსეთში ტალანტების მოძიების სამუშაოს“.

შემდეგ მიხეილ ხუბუტია ეროვნებათაშორის ურთიერთობას შეეხო და აღნიშნა, რომ აუცილებელია ტოლერანტობის სულისკვეთებით ადამიანებზე პოზიტიური ზემოქმედების გაძლიერება მხატვრული საშუალებების, კერძოდ, კინემატოგრაფის დახმარებით.

ხუბუტიამ დამსწრეთ შეახსენა, რომ პოკლონაია გორაზე ძეგლის – „ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავით“ – გახსნაზე პრეზიდენტმა პუტინმა წინადადება წამოაყენა, „გაკეთდეს კარგი, ტოლერანტული ფილმი ხალხთა მეგობრობაზე. კერძოდ, რუსეთისა და საქართველოს ხალხთა მეგობრობაზე“.

„ჩვენ ასეთი ფილმი გადავიღეთ“, – განაცხადა სარანსკში რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა. „ძალიან კარგი, სერიოზული ფილმი გამოვიდა საქართველოსა და რუსეთის ხალხების ისტორიული კავშირების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ ქართველი ხალხი რეალურად ვერ გაძლებს რუსი ხალხის გარეშე“, – თქვა ხუბუტიამ და რუსეთის პრეზიდენტი კინოფილმის პრეზენტაციაზე დასასწრებად მიიწვია.