სამართალი
კამპანია „სად ცხოვრობ შენ?“ დაიწყო

1liga-samarTaaali3თბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. ამომრჩეველთა ლიგამ საარჩევნო სიაში დაუდგენელი მისამართის მქონე პირებთან დაკავშირებით კამპანია „სად ცხოვრობ შენ?“ დაიწყო. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კოკა გუნცაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ამორჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ გამოქვეყნებული სია, 2004 წელთან შედარებით,1 200 000 ამომრჩეველით არის გაზრდილი.

„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს უცხოეთში მყოფთა დაბალი მაჩვენებელი – 300 000, რაც თითქმის ოთხჯერ ნაკლებია რეალურ მონაცემებზე. ასევე, დაუდგენელი პირები გაბნეული არიან სხვადასხვა კატეგორიაში, მათი შემოწმების დეზორიენტაციის მიზნით. ამ ორი კატეგორიის – უცხოეთში წასულებისა და დაუდგენლების ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელისუფლება საზღვარგარეთ წასულების ნაცვლად აპირებს, აქ მისცეს ხმა თავისი ზონდერჯგუფების საშუალებით და გააგრძელოს მიწერილი ამომრჩევლების გამოყენების 2008 წელს დაწყებული ბინძური პრაქტიკა“, – განაცხადა გუნცაძემ.

მისივე თქმით, ამომრჩეველთა ლიგამ შეადარა მათ მიერ ჩატარებული კარდაკარის მონაცემები სიების დაზუსტების კომისიის მონაცემებს ზუგდიდსა და თბილისში და 107 498-ზე მეტი უზუსტობა აღმოაჩინა.

გუნცაძე აცხადებს, რომ ლიგა ხვალიდან მათ მიერ ჩატარებული კარდაკარის შედეგებს საჯაროს ხდის და საკუთარ ვებგვერდზე განათავსებს. ლიგის ვებგვერდზე ამომრჩეველს კამპანიის – „სად ცხოვრობ შენ?“ – ფარგლებში სიაში საკუთარი თავის გადამოწმება და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ლიგისთვის მიმართვა შეეძლება.

გუნცაძის თქმით, ლიგა აღნიშნული მონაცემების სიების დაზუსტების კომისიაში წარდგენას არ გეგმავს.