სამართალი
ნოდარ ხადური: „აუდიტის სამსახურს გადარიცხვის მექანიზმი აინტერესებდა“

1-xaduri-samarTalii2თბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ნოდარ ხადური აუდიტის სამსახურში დაკითხეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, აუდიტის სამსახურს მის მიერ საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნებისთვის“ გადარიცხული თანხის არა წარმომავლობა, არამედ გადარიცხვის მექანიზმი აინტერესებდა.

ხადური აცხადებს, რომ 17 აგვისტოს საარჩევნო ბლოკის სახელით მან სახელმწიფო ბიუჯეტში 330 ლარი გადარიცხა, რომელიც აუცილებელი იყო „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მაისურების საბაჟო ხარჯების დასაფარავად.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, აუდიტის სამსახური დაინტერესდა, რატომ გადარიცხა მან ფული სახელმწიფო ბიუჯეტში და არა პარტიის ანგარიშზე.

ნოდარ ხადური აცხადებს, რომ თუ ფულს პარტიების ანგარიშზე გადარიცხავდა,  თანხა ავტომატურად ჩამოიჭრებოდა და არ გადაირიცხებოდა მაისურების განბაჟებისთვის საჭირო ანგარიშზე, რადგანაც საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების ანგარიშებს ყადაღა ადევს. სწორედ ამიტომ მან ფული პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხა.

მისი ინფორმაციით, აუდიტის სამსახური აპირებს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან დაკავშირებას და იმის გამოკვლევას, ნამდვილად ედო თუ არა  ყადაღა 17 აგვისტოს საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს.