სამართალი
„ქართული ოცნებაში“ შემავალ პარტიებზე დაკისრებული ჯარიმის ამოღება გადაიდო

1-gadaido-samarTaaa1თბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, გადადოს კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიებისთვის 2,85 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის ამოღების პროცედურა.

როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, კოალიციაში შემავალი პარტიების საბანკო ანგარიშებზე ინკასოს დადების გზით ამ დრომდე ამოღებულ იქნა 122 000 ლარი.

აღსრულების გადადების შესახებ გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა შეშფოთება გამოთქვეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ამ ზომის გატარების გამო და განაცხადეს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაკისრებული არაპროპორციული ჯარიმები, ფაქტობრივად, ძირს უთხრის ოპოზიციური პარტიის ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობას.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეის მდგომარეობით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კოალიციის ანგარიშების დაყადაღების გარეშე აღსრულება განახორციელა 122 000 ლარზე, რაც დაკისრებული ჯარიმის მხოლოდ მცირე ნაწილია.

„მიუხედავად ამისა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით და კრედიტორთან  – სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან – კონსულტაციის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ“, – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.