აქტუალური
სააკაშვილი: „საქართველო ყოველ არჩევნებზე წინ მიდის“

1-WiaTura-aqtuaa2თბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჭიათურაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველო ყოველ არჩევნებზე წინ მიდის.

მისივე განმარტებით, ქვეყანა ფუნქციონირებას აგრძელებს და სწრაფად ვითარდება, თუმცა მთავრობის ამოცანაა, წინსვლამ თითოელ ოჯახში, თითოეული სოფლის ორღობეში შეაღწიოს.

„იცით, როგორაა? ვიწრო გზაზე მივდივართ. მარჯვნივაც უფსკრულია და მარცხნივაც. ამ გზაზე უკან დაქანება ან ცოტა მარცხნივ და მარჯვნივ ფეხის გადაცდომა ნიშნავს უფსკრულში გადაჩეხვას, უფსკრულიდან კი უკან ვეღარ ამოდიხარ. ჩვენ გვინდა პირიქით – კი არ გადავიჩეხოთ, არამედ, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს ეს გზა, როგორი მოსახვევებიც, როგორი აღმართებიც არ უნდა იყოს, მივიდეთ დანიშნულების ადგილზე, სადაც უფრო ნორმალური ცხოვრება იქნება და სადაც ეს წინსვლა ათმაგად გაგრძელდება“, – განმარტა პრეზიდენტმა.

ამასთან, მან ჭიათურელებს მოუწოდა, კარგად გაიხსენონ,  რა სიტუაცია იყო მათ რაიონში. „მინდა,  ყველა ჭიათურელს ვუთხრა – დაგავიწყდათ როგორი კრიმინალი იყო, როგორი კორუფცია იყო, როგორი სიტუაცია იყო? თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს მოცემულობაა და ხეზე იზრდება, როგორც ტყემალი? არაფერი არაა მოცემულობა, რეალობა არის ის, რომ ეს მოვიდა უამრავი შრომით, ბრძოლით, უამრავი მტრის გაჩენით და ეს ყველაფერი მოვიდა იმით, რომ ვიყავით ამ საკითხში ძალიან ჯიუტები“, – დასძინა სააკაშვილმა.