აქტუალური
მანანა მანჯგალაძე სააკაშვილისა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეხვედრის შესახებ

1-manjg-aqtualuri1თბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილისა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.

პრეზიდენტის პრესსპიკერი პრეზიდენტის სახელით მადლობას უხდის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, რომელიც საქართველოში ვიზიტად იმყოფება.

„მინდა, შეგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე სწორედ საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მოწვევის ინიციატივით. ეუთოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც სრული ურთიერთგაგების ატმოსფეროში წარიმართა“, – აცხადებს პრეზიდენტის პრესსპიკერი.

მანჯგალაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა როგორც წინგადადგმული ნაბიჯები, ისე არსებული ნაკლოვანებები. „ამავე შეხვედრაზე დაისახა მათი აღმოფხვრისთვის შესაბამისი გზები. მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოს პრეზიდენტი უდიდესი პატივისცემით არის გამსჭვალული ბატონი რიკარდო მილიორის, ბატონი ტონინო პიცულასა და ეუთოს დელეგაციის სხვა წევრების მიმართ და დიდი გულისყურით ეკიდება მათ თითოეულ მოსაზრებას. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ეუთოსა და მის სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობა საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარების საკითხზე ძალზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.