საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების დეცენტრალიზაციას აპირებს
1-vano-sazogaa1თბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა ხელისუფლების დეცენტრალიზაცია იქნება.
როგორც საქართველოს მთავრობის პრესსამსახურიდან იტყობინებიან, ამის შესახებ მერაბიშვილმა ბოლნისში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელზეც მთავარი თემა მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი ინიციატივები იყო. მერაბიშვილის განცხადებით, მისი მთავრობის მთავარი კურსი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იქნება ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებების ძირითადი ნაწილის გამგებლებზე, საკრებულოებსა და სოფლის რწმუნებულებზე გადანაწილება, რის შედეგადაც სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ნებართვების, ლიცენზიების თუ სხვა რეგულაციების საკითხები ადგილზე გადაწყდება.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილების ადგილზე, კონკრეტულ რაიონში, კონკრეტულ სოფელსა თუ დაბაში მიღება გაცილებით ეფექტური და შედეგიანი იქნება, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მოსახლეობასთან ერთად, უკეთესად იცის საკუთარი რაიონის თუ სოფლის სპეციფიკური პრობლემები და მისი გადაჭრის გზები.
ამასთან, პრემიერის თქმით, ძლიერი ქვეყნის საფუძველი ძლიერი და მდიდარი გლეხია, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მთავარი ამოცანა სოფლის მეურნეობის განვითარება და ფერმერებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობაა.
„სწორედ ამიტომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება 500 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საწარმოს შექმნა; დამატებით, სულ მცირე, 95 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მორწყვა, 35 ათასი ჰექტარი დატბორილი მიწის დაშრობა და სავარგულად ქცევა“, – აღნიშნა მერაბიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობასა და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებს შორის ინტენსიური კომუნიკაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი, რათა ერთობლივი მუშაობის შედეგად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება და ხარისხი გაიზარდოს და ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტზე გატანა შესაძლებელი გახდეს.
ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მზად არის, დაინტერესებულ ფერმერებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში მაქსიმალური დახმარება გაუწიოს, მათ შორის, სხვადასხვა სახის შეღავათის დაწესებით.