პოლიტიკა
„OSCE“-ს პრეზიდენტი რიკარდო მილიორი: „თქვენს საარჩევნო კამპანიაში არის ლენინიზმის მცირე დოზა...“

1-MILIORI-politikka2თბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიამ, რომელიც საქართველოს სამდღიანი ვიზიტით სტუმრობდა, შეშფოთება გამოთქვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საეჭვო გადაწვეტილებებზე, მკაცრ და არაპროპორციულ ფინანსურ ჯარიმებზე, რომლებიც, როგორც ჩანს, გამოიყენება შერჩევითად, ძირითადად, ერთი პოლიტიკური სუბიექტის წინააღმდეგ.

ოთხი წევრისგან შემდგარმა მისიამ, რომელშიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი თანამდებობის პირები შედიოდნენ, შეშფოთება გამოთქვა სასამართლო სისტემასთან მიმართებითაც და იმედი დაიტოვა, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში ხელისუფლება შეძლებს ყველა პარტიისთვის თანაბარი პირობის შექმნას.

როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, მისიის საქართველოში ვიზიტის მიზანი ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს შეფასება იყო. მისიის შემადგენლობაში შედიოდნენ: მისი ხელმძღვანელი, ხორვატიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ტონინო პიცულა; ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი; ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი სპენსერ ოლივერი და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დირექტორი რობერტო მონტელა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა ხელისუფლების, მმართველი პარტიის, ოპოზიციის, საარჩევნო ადმინისტრაციის, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე თბილისში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.

„მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში დემოკრატიის მომავლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ტონინო პიცულამ, რომელიც, ასევე, 1 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი იქნება.

„ჩვენ მივესალმებით წინასაარჩევნო ძალისხმევას, რომელიც ამომრჩეველთა სიის დაზუსტებას, საარჩევნო კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობასა და ქვეყნის მასშტაბით მედიის ხელმისაწვდომობას ისახავდა მიზნად“, – განაცხადა მან.

„არის რამდენიმე საკითხი რომელიც ჩვენს შეშფოთებას იწვევს და რომელთა თვალის დევნებასაც ჩვენ ყურადღებით გავაგრძელებთ. ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში მზარდ პოლიტიკურ პოლარიზებას“.

„ჩვენს შეშფოთებას განსაკუთრებით იწვევს კანონის ზოგიერთი აღმსრულებელი ორგანოს მიერ გამოყენებული პრაქტიკა. ჩვენი ხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყენებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას, რათა გამოიძიოს კერძო პირისა თუ პარტიის ხარჯები, იღებს საეჭვო გადაწვეტილებებს და მკაფიო ან გამჭვირვალე დასაბუთების გარეშე აკისრებს მკაცრ ფინანსურ ჯარიმებს. დაკისრებული ჯარიმები არის არაპროპორციული და, როგორც ჩანს, გამოიყენება შერჩევითი ფორმით, ძირითადად, ერთი საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ“, – აცხადებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის ხელმძღვანელი.

„სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ასევე, არის ფუნდამენტალური, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, – დასძინა მან. – ამ ვიზიტის შემდეგ ჩვენ გვაქვს შეშფოთების საფუძველი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის შესაძლებელი სასამართლო სისტემის მხრიდან, მიიღოს შესაფერისი სამართლებრივი დაცვის საშუალება“.

„ამ არჩევნების წარმატება დამოკიდებულია პასუხიმგებლობის მქონე ოპოზიციაზეც, რომელსაც აქვს სამართლებრივი უფლება, პოპულარიზაცია გაუკეთოს თავის მიზნებს, თუმცა, ამავე დროს, პატივი უნდა სცეს საარჩევნო კამპანიის წესებს. ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს და მიიღოს არჩევნების შედეგები“, – განაცხადა პიცულამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორიმ იმედი გამოთქვა, რომ მოხდება სანდოობის მქონე არჩევნების ჩატარება და საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო კამპანიის დარჩენილ ამ ბოლო კვირებში უზრუნველყოფს ყველა პარტიისთვის თანაბარი პირობების შექმნას.