პოლიტიკა
ეუთოს კომისარი ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლების განადგურების წინააღმდეგია

1-knut-politika1თბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. ეუთოს უმაღლესმა კომისარმა ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკმა მოუწოდა სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას, განმარტოს განცხადება, სადაც საუბარი იყო რეგიონის ქართულ სოფლებში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდეგ მიტოვებული სახლების ნანგრევებისაგან ტერიტორიის გაწმენდის გეგმებზე.

„ასეთი გეგმები, თუ განხორციელდება, ამოძირკვავს იმ მცირე ნაშთებსაც, რაც სამხრეთ ოსეთში ეთნიკურად ქართული სოფლებიდან არის დარჩენილი, – განაცხადა ვოლებეკმა. – სახლები კვლავ ეკუთვნის ამ სოფლების თავდაპირველ მცხოვრებბთ და ისინი არ უნდა განადგურდეს. საერთაშორისო სამართლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირებს უფლება აქვთ, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და მათ საკუთრების უფლებას პატივი უნდა ეცეს“.

„მოვუწოდებ დე ფაქტო ხელმძღვანელობას და ამ ტერიტორიის მაკონტროლებელ შესაბამის ხელისუფლებას, პატივი სცენ დევნილთა საკუთრების უფლებას და შეასრულონ საერთაშორისო სამართლით დაკისრებული მათი ვალდებულებები, – განაცხადა მან. – განცხადება, რომელიც მოუწოდებს ტრადიციულად ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლების სრული განადგურებისკენ, არის პროვოკაციული ამ არასტაბილურ რეგიონში და თუ ეს რეალურად განხორციელდება, ამით შესაძლოა, სამხრეთ ოსეთში ეთნიკური ქართველები საერთოდ აღარ დარჩნენ".

ვოლებეკმა გააფრთხილა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი კრძალავს მოქალაქეთა და მათი საკუთრების წინააღმდეგ ანგარიშსწორებას.

„გარდა იმისა, რომ პოტენციური კრიმინალური ქმედებაა, ასეთი ნაბიჯი უდავოდ შეუქმნის დაბრკოლებას რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას“, – აღნიშნა მან.

ვოლებეკმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ეწვევა ცხინვალს, რათა ადგილზე შეისწავლოს მდგომარეობა და განიხილოს სიტუაცია დე ფაქტო ხელისუფლებასთან.

„2008 წლის აგვისტოს ომამდე ქართული სოფლების მიერ დაკავებული ტერიტორიები, სადაც ამჟამად მხოლოდ ნანგრევები დარჩა, გაიწმინდება და სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის იქნება გამოყენებული“, –  იტყობინებოდა 14 აგვისტოს რუსული გაზეთი „იზვესტია“ სამხრეთ ოსეთის ლიდერ ლეონიდ თიბილობის სიტყვებზე დაყრდნობით.

აგვისტოს ომამდე ცხინვალთან ახლოს, ძირითადად, ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე სოფელი საქართველოს მიერ კონტროლირებად ანკლავს ქმნიდა სამხრეთ ოსეთის ფარგლებში. ომის დროს და მისი დასრულებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს სოფლები, მათ შორის, თამარაშენი, ზემო აჩაბეთი, ქვემო აჩაბეთი, ქურთა და კეხვი, გაიძარცვა და დაიწვა.

ეს ტერიტორიები არ იქნება გამოყენებული საცხოვრებელი ფართის მშენებლობისთვის, ამიტომ ამ (სოფლების, – საქინფორმი) სახელწოდებების შენარჩუნება აუცილებელი არ არის; როგორც დასახლებულ პუნქტებად ისინი აღარ იარსებებენ“, – წერდაიზვესტიათიბილოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

მე ვიტყოდი, რომ ის სახლები ჯერ არ აუღიათ, მაგრამ ჩვენ ვგეგმავთ, რომ ის ტერიტორიები, სადაც ეს ნანგრევები არსებობს, იურიდიულად გავაფორმოთ, რათა ხვალ და ზეგ არავის მხრიდან ჩვენ მიმართ კითხვები არ გაჩნდეს“, – განაცხადა მან.

„ამ სოფლების გასუფთავებას დავგეგმავთ. ეს ნანგრევები, რა თქმა უნდა, არც ისე კარგად გამოიყურება. ამ ტერიტორიებზე სამრეწველო სიმძლავრეების განვითარებას ვგეგმავთ“, – იტყობინებოდა გაზეთი „იზვესტია“ სამხრეთ ოსეთის ლიდერის სიტყვებზე დაყრდნობით.