სამართალი
კახი კალაძის მიმართ იძულებითი აღსრულების პროცესი იწყება

1-kalaa-samartali2თბილისი, 23 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერ კახი კალაძეს დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა ამოეწურა და იძულებითი აღსრულების  პროცესი იწყება. ამის შესახებ ჟურნალისტებს აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, თუმცა არ უთქვამთ, იძულებითი აღსრულების რა ფორმები იქნება გამოყენებული.

კახი კალაძის საბანკო ანგარიშები პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს დააყადაღა. 10 აგვისტოს კი აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პირადი ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანისა და მისი „ქართულ ოცნებაში“ გადარიცხვის მოტივით კალაძე 17 მილიონ ლარამდე ოდენობის თანხით დაჯარიმდა. ჯარიმას სააღსრულებო საფასურის სახით კიდევ 1 186 147 ლარი დაემატა. ამასთან, კალაძეს უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის, ავტომობილები, საბანკო ანგარიშები და კომპანიების („მაქს ბეტი“ და „კალა კაპიტალი“) 100%-იანი წილი დაუყადაღდა.

იგივე მოტივით „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 21 მილიონამდე ლარით დაჯარიმდა. ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა გუშინ, 24:00, საათზე ამოეწურა.

21 აგვისტოს ივანიშვილმა ჯარიმებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება სტიქიით დაზარალებულებისთვის უკვე გადარიცხული 80 მილიონი ლარის ხარჯვის მიზნობრიობას წარმოუდგენს და დაასაბუთებს, რომ ეს თანხა საკმარისი არ იყო, მზად არის, კახი კალაძესთან ერთად კიდევ გადარიცხოს თანხა.