სამართალი
თბილისი, 23 აგვისტო, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ქართულ ოცნებას“ შემომწირველებისთვის დაახლოებით 700 ათასი ლარის დაბრუნებას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ,კოალიციას 3,5 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრება. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც კოალიციაში შემავალ ყველა პარტიას ანგარიშები დაყადაღებული აქვს, „ქართული ოცნება“ მასზე დაკისრებული უკანონო ჯარიმების გადახდას ვერ შეძლებს.ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ამას თან ერთვის აუდიტის სამსახურის მიერ „ქართული ოცნების“ შემომწირველების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება და მათი დაშინების მცდელობა.
პრესსპიკერი ამბობს, რომ აუდიტის სამსახური შემომწირველების მიერ კოალიციაში გადარიცხულ აბსოლუტურად დასაბუთებულ თანხებს დაუსაბუთებელ შემოსავლებად ასაღებს. ფანჯიკიძეს მაგალითად მოჰყავს „ქართუ ბანკის“ დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი, რომელმაც ბანკის დირექტორობიდან გათავისუფლების შემდგომ, კომპენსაციის სახით, ბანკისგან 20 ათასი ლარი მიიღო. პრესსპიკერი აცხადებს, რომ ეს თანხა ჯავახიშვილს იძულებით დანიშნულმა დირექტორმა ვლადიმერ უგულავამ გადაურიცხა. ნოდარ ჯავახიშვილმა 17 ათასი ლარი „ქართული ოცნების“ ანგარიშზე გადარიცხა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კი ეს დაუსაბუთებელ შემოსავლად ჩაუთვალა.