საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგს შვეიცარიული კომპანია განახორციელებს
თბილისი, 23 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგს შვეიცარიული კომპანია „SGS“ განახორციელებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განუცხადა ჟურნალისტებს. „მონიტორინგის ჩამტარებელი პრაქტიკულად შერჩეულია. ეს იქნება „SGS“, რომელიც შვეიცარიული კომპანიაა. ახლა ბოლო დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისივე ინფორმაციით, ახლანდელი მონაცემებით, კომპანია თავისი საქმიანობის განხორციელებას 1 სექტემბერს შეუდგება. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 9 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი. პირველი საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმებაა, მეორე – ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის, როლს განამტკიცებს. მესამე: სამივე მხარემ – საქართველომ, რუსეთმა და შვეიცარიამ, გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს შვეიცარიის მთავრობა მიანიჭებს. საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი ა) ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და ბ) საერთშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას მოიცავს. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით ნეიტრალური კერძო კომპანია ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს. ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას წარუდგენენ: ტვირთის ექსპორტიორი, ადგილების რაოდენობა, ტვირთის მიმღები, გამომგზავნი ქვეყანა, წარმოშობის ქვეყანა, დანიშნულების ქვეყანა, შესვლის ტერმინალი, გასვლის ტერმინალი, საზღვარზე გამწევი სატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო მონაცემები, ვალუტა და საქონლის საერთო ფაქტურული ღირებულება, ვალუტის გაცვლის კურსი, საქონლის აღწერილობა და ადგილები, დაფასოება და მარკირება, კონტეინერების ნომრები, რაოდენობა და სახეობა, საქონლის კოდი, წარმოშობის ქვეყანა, სრული წონა, პროცედურა, სუფთა წონა, საქონლის ღირებულება და დამატებითი ინფორმაცია. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემაში ინფორმაცია ეროვნული საბაჟო სისტემის მიერ მისი დადასტურების შემდეგ იქნება შეტანილი. „EDES’-ის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შვეიცარიის მიერ დაქირავებული ნეიტრალური კერძო კომპანიისთვის.
რაც შეეხება წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნებს, ისინი შეთანხმებაში გეოგრაფიული კოორდინატებით არის გასაზღვრული. კოორდინატთა ბადეში რუსეთ-საქართველოს საზღვრის კვეთის სამი წერტილი – ფსოუ, როკი და ლარსი – ექცევა. ვაჭრობის ადმინისტრირება და კონტროლი საბაჟო ტერმინალებში განხორციელდება, რომლებიც სავაჭრო დერეფნების გამოსასვლელ-შესასვლელში მდებარეობს.