პოლიტიკა
მაია ფანჯიკიძე: „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაბეჭდილ 7-იანს 41 ნომრად თავად გადააკეთებენ“

1-7-politika2თბილისი, 23 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას 41 ნომრით გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, არაჩევნებს არა ნომრები, არამედ პოლიტიკოსები იგებენ. ფანჯიკიძის აზრით, იმის მიუხედავად, რომ ნომრის შეცვლით კოალიციას ფინანსური ზარალი მიადგა, ახალ ნომერს სიხარულით ხვდებიან.

„არჩევნებს ამ ნომრითაც მოვიგებთ და ეს მის შედეგებზე არ იმოქმედებს. აზრი არ აქვს, მივმართოთ სასამართლოს, რადგან იგი მაინც უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება უკვე დაბეჭდილ სააგიტაციო მასალას, გამომდინარე იქიდან, რომ ბლოკს ფინანსური შესაძლებლობები შეზღუდული აქვს, „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაბეჭდილ 7-იანს 41 ნომრად თავად გადააკეთებენ“, – აცხადებს ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით, ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი – ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ნომრად 7-ის ნაცვლად 41 მიენიჭა.