პოლიტიკა
ნიკოლაი ვულჩანოვი: „ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ განვსაზღვროთ, არის თუ არა არჩევნები ლეგიტიმური...“

1-euToo-politika1თბილისი, 23 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ, 22 აგვისტოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 5,5 კვირით ადრე ოფიციალურად შეუდგა სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას.

„ODIHR“-ის მისიის ხელმძღვანელია ბულგარელი ნიკოლაი ვულჩანოვი, რომელიც ანალოგიურ მისიას ხელმძღვანელობდა საქართველოში 1999 წლის საპარლამენტო და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც; იგი 2007 წელს – ყირგიზეთში, ხოლო 2010 წელს ლატვიაში საპარლამენტო არჩევნებზე იყო წარგზავნილი „ODIHR“-ის მისიის ხელმძღვანელის რანგში. მისი მისია საქართველოში ოქტომბრის შუა რიცხვებამდე დარჩება.

ამასთან, მისიის 15 ექსპერტი უკვე თბილისშია, რომელთაც მომავალი კვირიდან 28-კაციანი გრძელვადიანი დამკვირვებლების ჯგუფი დაემატება და ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება. არჩევნებამდე 3-4 დღით ადრე მისიას შეუერთდებიან მოკლევადიანი დამკვირვებლები – 350 ადამიანი, რომლებიც „ODIHR“-მა გამოითხოვა  არჩევნების დღისა და ხმების დათვლის პროცესზე მონიტორინგის განსახორციელებლად.

როგორ ნიკოლაი ვულჩანოვმა განაცხადა, „ODIHR“-თან ერთად არჩევნების დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში პროცესს ეუთოს, ევროპის საბჭოს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეებისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.

ვულჩანოვმა 22 აგვისტოს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ასევე, განაცხადა, რომ მისია ორ შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს სექტემბრის პირველ ნახევარსა და არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე.

„შუალედური ანგარიშები იმგვარად იქნება შედგენილი, რომ მასში ასახული იყოს მიგნებები და არ იყოს მოცემული ამ მიგნებების შეფასება. ჩვენ არ ვაკეთებთ შეფასებებს შუალედურ ანგარიშებში, რადგან არ გვსურს, რომ რაიმენაირად ჩავერიოთ პროცესში, – განაცხადა მან, – თუმცა, ის მიგნებები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება შუალედურ ანგარიშებში, საკმაოდ კარგ მინიშნებას გააკეთებს იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი; ამდენად, შუალედური ანგარიშების ყურადღებით წაკითხვა ღირს“.

არჩევნების მომდევნო დღეს გაკეთდება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ერთობლივი განცხადება წინასწარი მონაცემებისა და დასკვნების შესახებ. საბოლოო ანგარიში არჩევნების შედეგების შეჯამებიდან, დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში გამოქვეყნდება.

„ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ განვსაზღვროთ, არის თუ არა არჩევნები ლეგიტიმური, – განაცხადა ვულჩანოვმა, – აქ იმისთვის ვართ, რომ ჩვენი დამკვირვებლების მიერ მოგროვილ ფაქტებზე დაყრდნობით დავადგინოთ, შეესაბამებოდა თუ არა არჩევნები კანონმდებლობას და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს; ამაზე შორს ჩვენ არ წავალთ“.

ვულჩანოვმა, ასევე, განაცხადა, რომ „ODIHR“-ის პოლიტიკას არ წარმოადგენს არჩევნების შეფასება – არის თუ არა ის თავისუფალი და სამართლიანი, რადგან ასეთი ფორმულირება არ არის საკმარისი არჩევნების ჯეროვნად შესაფასებლად.