სამართალი
თბილისი, 22 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რიგითი ჯაბა გაბიტაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ცნობას ავრცელებს. აღნიშნულ განცხადებას მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ:
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი ჯაბა გაბიტაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებს. ამ ეტაპზე ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობა განიხილება. შესწავლილი და შემოწმებული იქნება უბედური შეთხვევის ყველა გარემოება და დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისათვის გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისათვის: რიგითი ჯაბა გაბიტაშვილი, რომელსაც სამხედრო სამსახურის ვადა ერთ თვეში უმთავრდებოდა, მცხეთის სამხედრო ბაზაზე გარდაიცვალა თავში გასროლით. იგი უკვე გადაასვენეს მშობლიურ სოფელ ვეჯინში. ჯაბა გაბიტაშვილის ოჯახი და ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და თვლიან, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა სამხედრო საიდუმლოებას უკავშირდება.