თბილისი, 22 აგვისტო, საქინფორმი. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე პარტიის სიის პირველი ნომერი და პრემიერმინისტრობის კანდიდატი იქნება.
გუშინ, 21 აგვისტოს, გამყრელიძის წარდგენისას, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ „ახალი მემარჯვენეები“ მზად არის წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობის მისაღებად, პირველ რიგში, ხელისუფლებასთან, ასევე, ყველა კონკურენტ ოპოზიციურ ძალასთან.ცნობისათვის: დავით გამყრელიძე ცხრა წლის წინ პარტიის დაფუძნებიდანვე ყველა არჩევნებში მონაწილეობდა. ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო 2008 წლის რიგგარეშე არჩევნებში, სადაც ხმათა 4% დააგროვა; ხოლო იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაკეში გამარჯვებული მაჟორიტარი გახდა 48.61%-ით, თუმცა მანდატზე უარი თქვა.
„ჩვენთვის 2012 წლის არჩევნები მართლაც მიჯნას წარმოადგენს, როცა საქართველოში უნდა დამთავრდეს ანომალიური პოლიტიკური პროცესი და დაიწყოს ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული მშვიდობიანი პოლიტიკის ეპოქა“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ: „ახალი მემარჯვენეები“ ბოლო რამდენიმე თვეა, აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს და უკვე წარადგინს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რეგიონებში. მათი საარჩევნო პროგრამის სლოგანია „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“, ხოლო კამპანიის დევიზია „არა – მონოპოლიებს!“
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ივნისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, „ახალი მემარჯვენეები“ იმ ათ პარტიას შორის არის, რომელთა პარტიული რეიტინგები ჯამურად 1%-ს შეადგენს.