საზოგადოება
2 მილიონი ლარი სტიქიით დაზარალებულ თბილისელთათვის

1-dazaral-sazogadooo3თბილისი, 22 აგვისტო, საქინფორმი. მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამ დღეებში დედაქალაქში მოსული უხვი ნალექისა და სეტყვის გამო, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ქალაქის ცელკეული რაიონები, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებულთათვის 2 000 000-მდე ლარი გამოიყოფა.

გუშინ, 21 აგვისტოს, თბილისის მერიაში მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, სტიქიის შედეგად ზარალი მიადგა დიდგორის რაიონში მდებარე სოფლებსა (კოჯორი, კიკეთი, დიდება, წავკისი, ტაბახმელა, შინდისი) და ისანი-სამგორის რაიონს, მათ შორის, შემოერთებულ ტერიტორიებსაც. დაზიანდა სახლების სახურავები, ავტომობილები, სასათბურე მეურნეობები და სოფლის მეურნეობის სავარგულები.

როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისის მერიის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ზარალის დათვლას და თითოეული ოჯახის მდგომარეობის ადგილზე შესწავლას. ამ ეტაპზე დიდგორის რაიონში აღწერილია 203 დაზარალებული ოჯახი, ხოლო ისანი-სამგორის რაიონში – 163 ოჯახი. წინასწარი მონაცემებით, ზარალის რაოდენობა ზუსტდება და ის  2 მილიონამდე ლარს შეადგენს.

ამასთან, თბილისის მერ გიგი უგულავას გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა გამოიყოფა მერიის სარეზერვო ფონდიდან, რათა უახლოეს მომავალში დაიწყოს დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება. აღდგება თითოეული დაზიანებული სახლი და ყველა ის ოჯახი, რომელთაც სტიქიის შედეგად სოფლის მეურნეობის სავარგულები დაუზიანდა, შესაბამის კომპენსაციას მიიღებს.