თბილისი, 22 აგვისტო, საქინფორმი. მართალია, მმართველი პარტია და „ქართული ოცნება“ აცხადებენ, რომ მათი წამყვანი ფიგურები მზად არიან, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ პირდაპირ ეთერში ტელედებატებში მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ საქართველოს ორი წამყვანი პოლიტიკური ძალა ფორმატზე ვერ თანხმდება.
მმართველი პარტია გამოდის წინადადებით, რომ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და „ქართული ოცნების“ ლიდერს – პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილს შორის გაიმართოს დებატები. თუმცა ივანიშვილი აცხადებს, რომ მერაბიშვილი არ არის დებატებისთვის შესაფერისი კანდიდატი და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, პრეზიდენტ სააკაშვილს იწვევს დებატებში.მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა 20 აგვისტოს სააკაშვილს შესთავაზა პირისპირ ტელედებატები ან ალტერნატივის სახით მმართველი პარტიის 5-7 წარმომადგენელთან დებატებზე გამოთქვა მზადყოფნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ დებატები პრემიერმინისტრობის კანდიდატებსა და პარტიული სიის პირველ ნომრებს შორის უნდა შედგეს.
მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მისი პარტიული სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იქნება, ხოლო ვანო მერაბიშვილი კვლავ პრემიერმინისტრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
კონსტიტუციის თანახმად, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მთავრობა და პრემიერ–მინისტრი უნდა გადადგნენ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის ახალი ან არსებული შემადგენლობა უნდა წარუდგინოს პარლამენტს ნდობის მოსაპოვებლად.
პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უცვლელი რჩება; პრემიერ-მინისტრის როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ის ქვეყნის ლიდერი გახდება მას შემდეგ, რაც 2013 წლის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში. ამ ეტაპზე გაურკვეველი რჩება, იქნება თუ არა მერაბიშვილი მმართველი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი მისი მეორე და საბოლოო ვადის ამოწურვის შედეგად.
ივანიშვილის თქმით, თუ მმართველი პარტია მერაბიშვილს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელებს, ის დაჯდება მასთან ტელედებატებში. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დებატები არ იქნება საინტერესო მოსახლეობისთვის“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს 21 აგვისტოს.
მერაბიშვილის შესახებ საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ ივლისში პრემიერ-მინისტრად გადაყვანით სააკაშვილმა, ფაქტობრივად, იგი დააქვეითა და ის ფუნქციებიც აღარ აქვს, რაც შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჰქონდა.
„მე პატივს ვცემ ვანოს, ეს რამდენჯერმე მითქვამს, მაგრამ მაინც არ გამოვა (მასთან დებატები, – საქინფორმი)“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ამჟამად ის და მერაბიშვილი ერთნაირი წონის არ არიან.
თუმცა ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ მართალია, ის არ აპირებს ერთი ერთზე დებატები გამართოს მერაბიშვილთან, მაგრამ მზად არის, პრემიერ-მინისტრთან დაჯდეს იმ შემთხვევაში, თუ იმავე დებატებში მმართველი პარტიისა და მთავრობის, სულ ცოტა, ექვსი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. მან, ასევე, განაცხადა, რომ მას სურს პრეზიდენტ სააკაშვილთან დებატები და დასძინა: „მე შემიძლია გავუიოლო და არ შევეკითხები მას არცერთ მის შეცდომაზე და მხოლოდ პერსპექტივაზე და ქვეყნის განვითარებაზე შემიძლია ვესაუბრო“.
ივანიშვილის მიერ ამ განცხადების გაკეთების შემდეგ მმართველმა პარტიამ ტელედებატებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ გაიმეორა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ბატონი ვანო მერაბიშვილი, მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ამ დებატებში და ჩვენ ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ივანიშვილი არ გაექცევა ამ გამოწვევას, დადებითად გამოეხმაურება წინადადებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რომელიც უკვე დადებითად გამოეხმაურა პარტიების წინადადებას, მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა 21 აგვისტოს.