პოლიტიკა
29 სექტემბერი – „ქართული ოცნების“ დასკვნითი აქცია თბილისში

1-daskvniTi-politikaa1თბილისი, 22 აგვისტო, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ, 21 აგვისტოს, განაცხადა, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აქციის მოწყობას გეგმავს.

კოალიციის ცნობით, მან უკვე მიმართა თბილისის მერიას გაფრთხილებით, რომ „29 სექტემბერს 02:00 საათიდან 23:00 საათამდე თბილისში რამდენიმე ადგილიდან გეგმავს მანიფესტაციას თავისუფლების მოედნის მიმართულებით და შეკრებას თავისუფლების მოედანზე“. მოკლე განცხადებაში აქციის შესახებ სხვა დეტალები არ არის მოცემული.

თუმცა, სავარაუდოდ, ეს იქნება კამპანიის იმ  აქციების დასკვნითი შეკრება, რომელიც ივანიშვილმა თბილისში გამართული ფართომასშტაბიანი შეკრებით 27 მაისს დაიწყო და გაგრძელდა ქუთაისში, ოზურგეთში, მცხეთაში, გორში, ბათუმსა და რუსთავში გამართული აქციებით. „ქართული ოცნების“ მომდევნო შეკრება – 26-27 აგვისტოს რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო 2 სექტემბერს თელავში იგეგმება.

„დარჩენილ კვირებში აქცია ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში და საბოლოო ჯამში იქნება ისე, რომ ყველგან იქნება ჩატარებული ხალხმრავალი აქცია“, – განაცხადა კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.