აქტუალური
სააკაშვილმა ბათუმის მაჟორიტარად გიორგი ბარამიძე წარადგინა

1-baraa-aqtualuri1თბილისი, 21 აგვისტო, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის მოსახლეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ბარამიძე პირადად წარუდგინა. ამომრჩეველთან შეხვედრა ბათუმის მშენებარე საზაფხულო თეატრში გაიმართა. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებს ქალაქში მიმდინარე  პროექტებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხ წელიწადში ბათუმის ის ნაწილიც აღორძინდება, რომელსაც აღმშენებლობა ჯერ არ შეხებია. სააკაშვილის თქმით, ბათუმი მთელი საქართველოს სავიზიტო ბარათია და თითოეული მოქალაქის მთავარი სიამაყე.

როგორც პრეზიდენტმა გიორგი ბარამიძის წარდგენისას განაცხადა, ბარამიძესთან მას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და სწორედ მან ურჩია პოლიტიკაში მოსვლა. ისინი ასევე ერთად მუშაობდნენ აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლის საკითხებზე.

„90-იანები წლების დასაწყისში პოლიტიკაში მე ერთმა, ჩემი ასაკის ადამიანმა მომიყვანა, რომელიც ჩემთვის პატრიოტიზმის მაგალითი იყო. აფხაზეთის ომის დროს მონაწილეობას ვიღებდით ტყვეთა გაცვლის პროცესში და მაშინ დავმეგობრდით. შემდეგ, მისი ინიციატივით მოვედი პარლამენტში. ჩემი პირველი „ნათლობა“ პოლიტიკაში მისი დამსახურებაა და ეს  არასდროს დამავიწყდება.

ამ პერიოდის განმავლობაში, ამ ადამიანს ერთხელაც არ ჩაუხრია მუხლი, ერთხელაც არ წასულა კომპრომისებზე უწმინდურ ძალასთან და ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო ყველას ერთად გარდაგვექმნა უკეთეს ქვეყნად.

ეს არის ჩემი ყველაზე ახლო პოლიტიკური თანამებრძოლი და მეგობარი გიორგი ბარამიძე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ლევან ვარშალომიძესა და გია ბარამიძესთან ერთად ბათუმში ის რაიონები დაათვალიერა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები  მიმდინარეობს, სადაც ახალი პროექტები ხორციელდება, რომელთა შორისაა, მშენებარე ბულვარი და ახალი ობიექტები.