მაჟორიტარობის კანდიდატების ცვლილებები და წარდგენები „ქართული ოცნებიდან“
თბილისი, 21 აგვისტო, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თეთრიწყაროსა და თერჯოლის რაიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები შეცვალა. როგორც სპეციალურ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, თეთრიწყაროში მამუკა აბულაძე შალვა ხაჭაპურიძემ ჩაანაცვლა, ხოლო თერჯოლაში ომარ ნიშნიანიძის მაგივრად ზაურ გოგსაძე იყრის კენჭს. „მაჟორიტარი კანდიდატების ცვლილებები დასრულებულია. მაჟორიტარობის კანდიდატის შეცვლას მეტს აღარ ვაპირებთ“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
ასევე, ივანიშვილმა ორი რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატიც წარადგინა. ცაგერში „ქართული ოცნების“ სახელით საპარლამენტო მანდატისთვის მამუკა ჩაჩხიანი იბრძოლებს, ხოლო ახალქალაქში – ლორიკ კარაპეტიანი.
როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, კოალიციას მაჟორიტარობის კანდიდატები ორ რეგიონში დარჩა წარსადგენი – ნინოწმინდასა და მარნეულში, რომელთაც კოალიციის ლიდერი უახლოეს დღეებში წარადგენს.