საზოგადოება
„ნაცმოძრაობა“: „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი იქნება“

1-premier-sazoooo2თბილისი, 21 აგვისტო, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძირითად პოლიტიკურ ძალებს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ პრემიერმინისტრობის კანდიდატისა და საპარლამენტო სიის პირველი ნომრების მონაწილეობით ტელედებატებს სთავაზობს.

რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ 20 აგვისტოს ამ ინიციატივით გამოვიდოდა, ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა და პრემიერობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტი სააკაშვილი დებატებში გამოიწვია და იქვე დაამატა, რომ თუ სააკაშვილი უარს იტყვის ამ შეთავაზებაზე, ის მზადაა, მმართველი გუნდის 5-7 წარმომადგენელთან გამართოს დებატები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოპონენტებს სატელევიზიო დებატებში იწვევს. ჩვენი მიზანია, გავიმარჯვოთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. სატელევიზიო დებატებს ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სატელევიზიო დებატებში იწვევს ძირითადი პოლიტიკური ძალების პრემიერმინისტრობის კანდიდატებს და საპარლამენტო სიის პირველ ნომრებს“, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

„შესაბამისად, ჩვენი ორივე პოლიტიკური ლიდერი – ბატონი ვანო მერაბიშვილი და ბატონი დავით ბაქრაძე, მზად არიან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად“, – აღნიშნა მან.

„2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნება ვანო მერაბიშვილი, რომელიც შეძლებს, მეტი სარგებელი მოუტანოს ხალხს“, – განაცხადა მან.

თავად პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარეა და აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, ყოველთვის თავს იკავებდა პრეზიდენტობის შემდგომ გეგმებზე საუბრისგან და თითქმის ყოველთვის არიდებდა თავს პასუხს, როდესაც ეკითხებოდნენ – აპირებდა, თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას.

კონსტიტუციის თანახმად, 1 ოქტომბერს არჩეულმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი პრემიერ-მინისტრი და მთავრობის შემადგენლობა და მანვე უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება მთავრობის ხელმძღვანელი 2013 წელს მას შემდეგ, რაც ახლად არჩეული შემდგომი პრეზიდენტი დადებს ფიცს.

ივლისში პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგ ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში კითხვაზე – ეცდება თუ არა ის პრემიერ-მინისტრად დარჩენას 2012 წლის არჩევნების შემდეგ და აქვს თუ არა მას პირველი პირის ამბიცია, მერაბიშვილმა უპასუხა: „საქართველოს პრეზიდენტმა მე დამავალა, გამეკეთებინა მთავრობის მოქმედების ოთხწლიანი გეგმა. და ეს გეგმა შედგენილია და ჩვენ უკვე დავიწყეთ მისი განხორციელდება“.

„რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება არის ქართველ ხალხზე. თუ ქართველ ხალხს სურს ამ გეგმის გაგრძელება ან არ სურს, საბოლოო ჯამში, ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი, – განაცხადა მერაბიშვილმა. – მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს იმ არჩევანს, რაც უნდა გააკეთოს და მხარს დაუჭერს იმ გეგმას, რომელიც ჩვენ მიერაა შემუშავებული“.