საზოგადოება
თბილისი, 21 აგვისტო, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება. ამის შესახებ გუშინ, 20 აგვისტოს, მმართველი პარტიის პრესსპიკერმა, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა.
მმართველ პარტიას, ისევე, როგორც სხვა პარტიებს, ჯერ არ გამოუქვეყნებიათ დეპუტატობის კანდიდატების სრული ნუსხა, რომლებიც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიული სიით მიიღებენ მონაწილეობას.ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების წარდგენის ვადა 1 სექტემბერს იწურება.
ცნობისათვის: დავით ბაქრაძე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც უძღვებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიას, რის შემდეგაც იგი პარლამენტის თავმჯდომარე გახდა.
2008 წელს ბაქრაძე მას შემდეგ შეირჩა მმართველი პარტიის სიის პირველ ნომრად, რაც მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ მოულოდნელად უარი თქვა, სათავეში ჩასდგომოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიას.
პარლამენტის 150 წევრიდან 73 ირჩევა მაჟორიტარული წესით ერთმანდატიან ოლქებში, ხოლო დანარჩენი 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებს შორის, რომლებიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.