პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს ტელედებატებში იწვევს

1-debatebi-politiiii3თბილისი, 21 აგვისტო, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ტელედებატებში გამოიწვია.

როგორც ივანიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს 20 აგვისტოს, თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს დებატებში მონაწილეობას, მაშინ მზადაა, მმართველი პარტიის რამდენიმე წარმომადგენელთან დაჯდეს დებატებში.

„ორი დიდი ძალაა გამოკვეთილი – ჩვენი კოალიცია და „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. მე დღეს... ვიწვევ ტელედებატებში მიხეილ სააკაშვილს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი ფორმით. ეს არის ლოგიკური“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„თუ ვერ შეძლებს მიხეილ სააკაშვილი, მაშინ მისი გუნდიდან ხელისუფლების წარმომადგენლებს (ერთ კაცთან არ დავჯდები), რა თქმა უნდა, შეუძლიათ 5 ან 7-ზე მეტი შეიკრიბონ, ვთქვათ, პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლები“, – აღნიშნა მან.

ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ მისი კოალიცია არ მიიღებს მონაწილეობას დებატებში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“, „ახალი მემარჯვენეებისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებთან, რომელთაც მან ცრუ ოპოზიცია  უწოდა.

„თუ მათ სურვილი აქვთ ჩემთან შეხვედრის (დებატებში, – საქინფორმი), მე თანხმობას ვაცხადებ ერთი პირობით, რომ მათ უნდა აღიარონ, რომ ისინი ხელისუფლებას წარმოადგენენ. ასეთ შემთხვევაში, მეც და ჩემი კოალიციის წარმომადგენლებიც, მათთან დებატებში დაჯდებიან.  ცრუ ოპოზიციასთან ჩვენ დებატებში არ დავჯდებით“, – განაცხადა მან.