პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს 400 დამკვირვებელი ჰყავს

1-euto-pollitiii2თბილისი, 21 აგვისტო, საქინფორმი. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს 400 დამკვირვებელი დააკვირდება. როგორც ჟურნალისტებს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია თავად დელეგაციის წევრებმა მიაწოდეს. მისივე განმარტებით, სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ არჩევნებზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დამკვირვებლებმა კოორდინირებულად იმოქმედონ.

რაც შეეხება შეხვედრაზე სასაუბრო თემებს, ნინო ლომჯარიას განმარტებით, დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო კოდექსის ხარვეზებსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით.

„ვისაუბრე „სამართლიანი არჩევნების“ მიერ განხორციელებულ მონიტორინგზე, ასევე, იმ ანგარიშებზე, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად გამოვცემთ, აგრეთვე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობაზე, მედიის პრობლემებზე და საარჩევნო კოდექსის იმ ხარვეზებზე, რომლებსაც ჩვენ პრობლემატურად მივიჩნევთ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ ჩვენმა და მათმა დამკვირვებლებმა არჩევნებზე კოორდინირებულად იმოქმედონ“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.