საზოგადოება
ელჩები ქცევის კოდექსისა და მასმედიის არეალის გაფართოების მომხრენი არიან
1-esSengexeba-sazoooda3თბილისი, 20 აგვისტო, საქინფორმი. ელჩების სამუშაო ჯგუფი კვლავ აქტიურად აკვირდება საქართველოში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პროცესებს.
ელჩების სამუშაო ჯგუფი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, კერძოდ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ყველა მონაწილისათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფის, მედიაზე თანაბარი წვდომისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ელჩების სამუშაო ჯგუფი მოუწოდებს ყველა პარტიას, დაიცვას 17-პუნქტიანი ქცევის კოდექსი, შემოთავაზებული „ეს შენ გეხებას“ კამპანიის ფარლებში; პატივი სცეს როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად დადგენილ არჩევნების შედეგებს, ისე იმ პროცესს, რომელიც დამოუკიდებელი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, უპირველესად კი, OSCE/ODIHR-ის შეფასებით, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს.
ელჩების სამუშაო ჯგუფი, ასევე, აღიარებს რა სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს, შეახსენებს ყველას, რომ სამოქალაქო- საზოგადოებრივ და დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ ყოველგვარი ზეწოლისა და ჩარევის გარეშე საქმიანობის შესაძლებლობა.
ელჩების სამუშაო ჯგუფი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაიცვას ზემოთ აღნიშნული შემოთავაზებები და თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გზით უზრუნველყოს საქართველოში დემოკრატიული პროცესების შემდგომი განვითარება.
როგორც უკვე აღინიშნა წინა განცხადებაში, ელჩების სამუშაო ჯგუფი მიესალმება მრავალფეროვანი სახის საინფორმაციო წყაროებზე გაუმჯობესებულ წვდომას. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში არის შეზღუდული წვდომა საკაბელო ტელევიზიებზე, ელჩების სამუშაო ჯგუფი წაახალისებს თავისუფალ მედიაზე წვდომის მომდევნო გაფართოების შესაძლებლობების განხილვას იმ ადგილებში, სადაც არ ხორციელდება საკაბელო მაუწყებლობა, განსაკუთრებით კი, საქართველოს რეგიონებში.
ელჩების სამუშაო ჯგუფს მიაჩნია, რომ თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების უზრუნველყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაა, შესაბამისად, ჯგუფი კვლავაც მხარს უჭერს ყოველგვარ ძალისხმევას ამ მიმართულებით.