პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობის ვიზიტი საქართველოში

1-euTo-politikaa2თბილისი, 20 აგვისტო, საქინფორმი. დღეს თბილისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ესტუმრება. საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი რიკარდო მილიორი, ვიცე-პრეზიდენტი ტონინო პიცულა, გენერალური მდივანი ოლივერ სპენსერი და მათი თანხმლები პირები სამი დღის განმავლობაში ჩვენთან წინასაარჩევნო ვითარებას გაეცნობიან და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას დააკვირდებიან.

შეხვედრები დაგეგმილია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ცესკოსა და უწყებათაშორის კომისიასთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, იტალიის პარლამენტის წევრი რიკარდო მილიორი საქართველოს ამ რანგში პირველად ეწვევა. ის ასამბლეის პრეზიდენტად ივლისში აირჩიეს. ამავე ასამბლეის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი.

შეგახსენებთ: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 56 ქვეყნის პარლამენტის 400-ზე მეტ წევრს აერთიანებს. ივლისში მონაკოში გამართულ სესიაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც აღნიშნულია რუსეთის მიერ საქართველოს ტრიტორიების ოკუპაცია და გამოხატულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.