პოლიტიკა
ივანიშვილი: „იცოდეთ, მოემზადეთ გამარჯვებისთვის!“

1-rusTavi-poolitika1თბილისი, 20 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ რუსთავში ჟიული შარტავას მოედანზე „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართა. აქცია პოეტმა დავით მაღრაძემ გახსნა. მან 20 000 მომიტინგეს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა და ერთად დგომისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ პირველად ამ აქციაზე არ გამოფინეს ნატოს დროშები, სამაგიეროდ, უხვად იყო ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს აღდგენილი და დამტკიცებული  საქართველოს დამოუკიდებლობის დროშები. როგორც საქინფორმის მკითხველმა უკვე იცის, „ქართული ოცნებიდან“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილია ზვიად ძიძიგური – ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი.

„ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა ის ტრადიცია, ყველა ის კულტურული სივრცე, რომელიც აქაურობას ახლდა. ჩვენ უნდა აღვადგინოთ საქართველო საქართველოში“, – მიმართა დავით მაღრაძემ  მოედანზე შეკრებილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს.

მისივე შეფასებით, ხელისუფლება საზოგადოებას ქვის ხანაში აბრუნებს. „ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი, ჩვენ მივდივართ არჩევნებზე, მაგრამ ხელისუფლებამ ხელში აიღო ქვა და ქვებს ისვრის. ასე იყო კარალეთში, გავიდა მომსახურების ზონიდან და ქვის ხანაში აბრუნებს საზოგადოებას.

„ქართულ ოცნებას“ ჰყავს მხარდამჭერები, „ნაცმოძრაობას“ ჰყავს დამჭერები. ეს ვერ შეუშლის არჩევნებისაკენ ჩვენს სიბრძნისეულ, გონივრულ სვლას“, – აღნიშნა მაღრაძემ.

„არ შეიძლება ხელისუფლების ცვლილება ქვეყნისთვის ტრაგედიად წარმოაჩინო, დააშინო ყველა, მუდმივად ნგრევასა და არასტაბილურობაზე ილაპარაკო“, –  განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.

„მინდა, დღეს ამ ქალაქიდან, რუსთავიდან, მივმართო ჩვენს ძმებს და დებს, მათ, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა იმ გამოგონებული საფრთხისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თუ არ იქნება ხელისუფლებაში, აღარც სახელმწიფო იარსებებს. არ შეიძლება ხელისუფლების ცვლილება ქვეყნისთვის ტრაგედიად წარმოაჩინო, დააშინო ყველა, მუდმივად ნგრევასა და არასტაბილურობაზე ილაპარაკო. სინამდვილეში სწორედ ასეთი რიტორიკა ემუქრება ქვეყნის სტაბილურობას და სახელმწიფოებრიობას, აშინებს ბიზნესს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არყევს ადამიანების ფსიქიკას“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მან ქართველ ბიზნესმენებსაც მიმართა და განაცხადა, რომ სამუშაო ადგილებს არა ხელისუფლება და კონკრეტული სამინისტრო, არამედ სწორედ გამართული ბიზნესი ქმნის. „ბიზნესთან დამოკიდებულებაში ყველაზე კარგად ჩანს, როგორ უყურებს ხელისუფლება დასაქმების პრობლემის გადაწყვეტას. სამუშაო ადგილებს არ ქმნის მთავრობა და, მით უფრო, არ ქმნის დასაქმების სამინისტრო. სამუშაო ადგილებს სწორედ ბიზნესი ქმნის. მთავრობა კი ხელს უნდა უწყობდეს ბიზნესის განვითარებას, შესაბამისი გარემოს შექმნას. ამის გარეშე წარმოუდგენელია უმუშევრობის პრობლემის დაძლევა და ეკონომიკის ზრდა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ლიდერის შეფასებით, საქართველოში ბიზნესი განიხილება როგორც დაფინანსების წყარო ხელისუფლების მიზნების მისაღწევად, ბიზნესმენი კი „გასაწეწ ობიექტად“ არის მიჩნეული.

„ამ ხელისუფლებისათვის ბიზნესმენი კლასობრივი მტერია, რომელიც ან უნდა დაჰყვეს მათ ნებას, ან უნდა განადგურდეს. ვინც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი არ არის და ხელისუფლების მითითებებს არ ასრულებს, ის აუცილებლად გაკოტრდება, თუ საერთოდ დაჭერას გადაურჩა. ასეთი არანორმალური ვითარება მოგვიტანა სააკაშვილის პოლიტიკამ. როდესაც თავისუფალი ბიზნესის მხარდაჭერის ნაცვლად სახელმწიფო სრულად აკონტროლებს ბიზნესს და ქმნის მონოპოლიებს – ეს არის სწორედ თავი და თავი იმისა, რომ ქვეყანაში რეალურად ბიზნესი არ ვითარდება და სამუშაო ადგილები არ იქმნება“, – აღნიშნა მან.

ივანიშვილმა ისიც დასძინა, რომ ძალიან კარგად იცის, რა სჭირდება ბიზნესმენს და ბიზნესის განვითარებას. „ბიზნესისათვის მთავარია სტაბილური გარემო, ჩამოყალიბებული და მკაფიოდ განსაზღვრული თამაშის წესები. პოლიტიკური რყევები და თამაშის წესების ხშირი ცვლა არასტაბილურობის განცდას აჩენს და ეს საფრთხეს უქმნის მათ საქმეს. ასეთი არასტაბილური ხელისუფლების ხელში ვერც ბიზნესი იქნება უსაფრთხო. ქართველმა ბიზნესმენებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რას ნიშნავს კანონიერი ქურდების მიერ დამყარებული წესრიგი! საბედნიეროდ, ეს დრო დამთავრდა მთელ ქვეყანაში და აღარასოდეს განმეორდება! ქურდული წესრიგი ხელისუფლებამ კი არ მოსპო, არამედ ჩაანაცვლა და ერთი მოძალადე მეორეთი შეიცვალა. ამიტომ ვპირდები ჩვენს ბიზნესმენებს: ჩვენ დავამყარებით წესრიგს, რომელიც შექმნის სტაბილურ, კანონზე დაფუძნებულ გარემოს. დადგინდება თამაშის წესები და მისი შეცვლა ხელისუფლის ნება-სურვილზე აღარ იქნება დამოკიდებული. ამის პირობას მე გაძლევთ! ასევე, ჩვენ აღვადგენთ დამოუკიდებელ არბიტრაჟს, რომელიც გადაწყვეტს დავებს სახელმწიფოსა და ბიზნესმენს შორის. არბიტრაჟი ძალიან ცოტა ხანს ფუნქციონირებდა საქართველოში და ის იყო სერიოზული ინსტიტუციური ბერკეტი ხელისუფლების განუკითხაობისგან ბიზნესის დასაცავად. სწორედ ამიტომ გააუქმა იგი ხელისუფლებამ. ჩვენ ამ ინსტიტუტს აუცილებლად აღვადგენთ და გავაძლიერებთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა და აქვე დასძინა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ისინი დაამყარებენ წესრიგს, რომელიც დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე იქნება დამყარებული.

ივანიშვილმა მოქმედი ხელსუფლების შეცდომებზე ისაუბრა, მათ შორის, სასამართლოს სისტემასა და დაზღვევის ხელმისაწვდომობაზე. იგი რუსთაველებს მათ გამოსწორებას დაჰპირდა.

„ქართული ოცნება“ ბოლოს მოუღებს უსულგულობას. მოვაწესრიგებთ შრომის კოდექსს და მათ ევროპულ სტანდარტებს მივუახლოვებთ. საქართველოს საგარეო პოლიტიკა კომედია და ფარსია, საშინაო პოლიტიკა კი – ტრაგიკული. ორივე უნდა გამოსწორდეს და ერთმანეთთან შესაბამისი გახდეს“, – აცხადებს ივანიშვილი.

ის ხალხს დაჰპირდა, რომ აღადგენს სამართლიანობას, ყოფილ მეტალურგებს გაყინულ ხელფასებს დაურიგებს.

„სააკაშვილი ოქროს ხანას უწოდებს ქვეყანას მაშინ, როდესაც ქვეყანა სოციალური კატასტროფის ზღვარზეა, რუსთავი გაპარტახებულია, ადრე კი ის ბოსტან-ქალაქი, ბაღნარ-ქალაქი იყო. ამოვიგდოთ თავიდან, რომ ჩვენი დრო წასულია. იქნებ ჩვენ შვილებს მაინც ეშველოთ... შვილებზე ზრუნვა საკუთარ ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევას არ ნიშნავს. ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს, ერთად გავინაწილოთ პასუხისმგებლობა. დღეს არაპროფესიონალიზმი საამაყოა და ეს დამთავრდება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან მიმართა ხალხს და კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა ბიზნესსა და ბიზნესმენებზე, პატიმრებზე: „ჩვენი საპატიმროები გადაჭედილია, ჩვენ გავაუქმებთ სასჯელის შეკრებითობას. დამოუკიდებელი სასამართლო გადახედავს ყველა პატიმრის საქმეს“.

ბიძინა ივანიშვილმა განსაკუთრებით მიმართა პედაგოგებს და მათ ურჩია, დაძლიონ შიში და სწორი არჩევანი გააკეთონ არჩევნების დროს.

ბოლოს კი სიტყვა ასე დაასრულა: „იცოდეთ, მოემზადეთ გამარჯვებისთვის!“

„ჩვენ უნდა ავაშენოთ განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა და არა თავგასული თანამდებობის პირების გასართობად მოწყობილი ბუტაფორია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს სტაბილური, პრინციპული და მოქნილი, რათა საშინაო პოლიტიკა ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას ემსახურებოდეს. „საგარეო პოლიტიკა საიმედოდ გაუმაგრებს ზურგს ადამიანის უფლებების პრინციპულად დამცველ და დემოკრატიულ პოლიტიკას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა.

მისივე თქმით, მოჩვენებითი ბატონობა ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. „თვითმარქვიები ვეღარ აღზევდებიან და ვეღარ დააჯდებიან თავზე პატიოსან ხალხს“, – განაცხადა ივანიშვილმა. კოალიციის ლიდერის თქმით, არ შეიძლება ხელისუფლების ცვლილება საზოგადოებისთვის ტრაგედიად წარმოაჩინო და ხალხი ნგრევითა და არასტაბილურობით დააშინო.

„ჩვენ შემუშავებული გვაქვს მექანიზმები, როგორ უნდა აღვუდგეთ წინ გაყალბების მანქანას“, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი. მისი თქმით, კოალიციამ იცის ყველა ის ადამიანი, ვინც ამ გაყალბებაში ჰყავთ ჩათრეული, ზოგი ნებით, ზოგი – იძულებით.

„გაყალბება, ისევე, როგორც ქურდობა, სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ დანაშაულის ჩამდენი ყველა დაისჯება. ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც ამას დაამკვიდრებს ამ ქვეყანაში და ამით ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ არჩევნების გაყალბების სამარცხვინო ტრადიაციას, რომელიც 20 წელია, ვერა და ვერ დავძლიეთ. ის, ვინც ხმების ქურდობას, ხმების გაყალბებას და ამით ჩვენი სამშობლოსთვის მომავლის წართმევას გაბედავს, პასუხს აგებს კანონის წინაშე! პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით!“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერმა მიმართა ყველას, ვისაც „თავის სამსახურში ჩათრევას უპირებს ხელისუფლება“, არ მიიღონ არჩევნების გაყალბებაში არანაირი მონაწილობა.

„საგანგებოდ აღსანიშნავია მამასახლისების, კოორდინატორებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი სტრუქტურებისა და სხვა მათი აქტივისტების საქმიანობა. მათი მეშვეობით ხდება სწორედ წვრილმანი კრიმინალის, დაშინების, შანტაჟის ათასობით ფაქტი, რაც რეალურად ქვეყნისა და მომავალი თაობის წინააღმდეგ არის მიმართული. ამიტომ ყველა სოფელში, ქალაქში, ყველა უბანზე უნდა შევაჩეროთ გამყალბებლები და არ ჩავადენინოთ ეს დანაშაული. ამ ბრძოლაში ჩვენი მთავარი იარაღია სიმართლე, ჩვენ სიმართლით დავუპირისპირდებით ყველას. ჩვენ შემუშავებული გვაქვს მექანიზმები, როგორ უნდა აღვუდგეთ წინ ამ გაყალბების მანქანას“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნის ბედს სწორედ ხალხი წყვეტს და მან მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა. „ქვეყნის ბედს თქვენ წყვეტთ, ქვეყნის ბედს 1  ოქტომბერს თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები გადაწყვეტთ! 1 ოქტომბერს თქვენ სამშობლოს არჩევნებზე სჭირდებით! ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის! ჩვენი სამშობლოსთვის! ჩვენი საქართველოსთვის!“, – მიმართა ივანიშვილმა რუსთაველებს.