თბილისი, 17 აგვისტო, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილმა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო განაცხადი შეიტანა. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატ არჩილ კბილაშვილის თქმით, აღნიშნული პროცედურა ორ წელიწად-ნახევარს შეიძლება გაგრძელდეს.
თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებში გაიმარჯვებს, საარბიტრაჟო დავაში როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარე ივანიშვილი აღმოჩნდება. თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, პრემიერმა ივანიშვილმა ბიზნესმენ ივანიშვილს ზარალი უნდა აუნაზღაუროს.რა ბედი ეწევა სარჩელს, თუ ივანიშვილი არჩევნებში გაიმარჯვებს? – ამ კითხვაზე ივანიშვილის ადვოკატს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ დამფუძნებელ არჩილ კბილაშვილს, მზა პასუხი არ აღმოაჩნდა, თუმცა ივარაუდა, რომ ბიზნესმენი ივანიშვილი პრემიერ ივანიშვილს დაუთმობს და სარჩელზე უარს იტყვის.
„ბიძინა ივანიშვილს ფული ახლა არ აინტერესებს და თუ ის მთავრობაში მოვა, მაშინ ხომ საერთოდ არ დაინტერესდება... ერთ-ერთმა უნდა თქვას უარი, და მე 99% დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიზნესმენი ივანიშვილი იქნება“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრის დროს კბილაშვილმა.
მისივე თქმით, ზარალი, დაახლოებით, რამდენიმე ასეულობით მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა ამ ეტაპზე არ შეუძლია, რადგან ზუსტი ზარალი აუდიტის მეშვეობით დადგინდება.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საარბიტრაჟო განაცხადის შეტანას წინ უსწრებდა საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრისათვის უკანასკნელი შეტყობინების ჩაბარება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მთავრობას 14 დღის ვადა მისცა, რათა სახელმწიფოს ეღიარებინა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკურად მოტივირებული უკანონო ქმედებები და შესდგომოდა მოლაპარაკებას მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.